"კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის სასამართლოს მიერ შეჩერებაზე.
კოალიციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლო გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, დაირღვა ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება.
"როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ჩვენი კოალიცია მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებით სასამართლო კლანი და მისი მფარველი ქართული ოცნება უხეშად არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და არ წარმოადგენს საერთო სასამართლოს კომპეტენციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, დაარღვია კონსტიტუციით განმტკიცებული ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება.
სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში ნებისმიერი საკითხი, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლებრივი წესრიგის დაცვას, შესაძლოა სასამართლომ უკანონოდ შეაჩეროს, გააუქმოს და ამის ვერავითარი სამართლებრივი მექანიზმი ვერ იმუშავებს, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით ჩვენ დღეს", - თქვა კოპალეიშვილმა.
მისი თქმით, კლანს იგივე ლოგიკით შეუძლია შეაჩეროს პრეზიდენტის მიერ პრემიერის დანიშვნა, პარლამენტის არჩევნების თარიღის გამოცხადება, რიგგარეშე სხდომების თარიღის დანიშვნა და სხვა აქტები. კოპალეიშვილის თქმით, მომხდარი მიუთითებს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ღრმა კრიზისში, საჭიროებს ყოვლისმომცველ რეფორმას, რაც განსაზღვრულია პრეზიდენტის "ქართულ ქარტიაში", რომელსაც კოალიციამ ხელი მოაწერა.
22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი. მოსამართლემ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და გარდა ამისა, 5 თვის ვადით პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის, ან სხვა ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა.