"აგვისტოს ომიდან 16 წელი სრულდება... ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია საუბარი.
"7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წელი გადის. საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ ევროკავშირის ერთგულება ახლაც ურყევია.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობითად ყოფნას, რაც საერთაშორისო სამართალს ართვევს და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, ვგმობთ. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, "ბორდერიზაციის" პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და ყველა მსხვერპლისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა.
ერთგულნი ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.
ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.