რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში რიგით მეოთხე სარჩელი შევიდა. სასამართლოს დღეს ჟურნალისტებმა გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა მიმართეს.
ისინი ამბობენ, რომ რუსული კანონით თავისუფალ მედიას სერიოზული პრობლემები ექმნება და საფრთხის ქვეშ დგება საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რაც წყაროს გაუთქმელობის პრინციპს ითვალისწინებს.
"ჩვენი წყაროები ხდებიან აბსოლუტურად დაუცველები. მაუზერიან კაცებს, როგორც ეს 37 წელს ხდებოდა, შეუძლიათ ვიღაცის დასმენის საბაბით შემოვიდნენ უკვე 3 სექტემბრიდან ჩვენს ორგანიზაციებში და არამხოლოდ ორგანიზაციისგან, არამედ ჩვენთან დასაქმებული, ან ყოფილი თანამშრომლებისგან ამოიღონ განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონალური ინფორმაცია.
ამ სარჩელში უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია საგამოძიებო მედიაზე. ვითხოვთ, რომ გაუქმდეს რუსული კანონის მთელი რიგი მუხლები, თუმცა ვიდრე საკონსტიტუციო არსებით გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საქმეზე, ვითხოვთ, რომ შეჩერდეს ამ კანონის მთელი რიგი მუხლების მოქმედება" - ამბობს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
მანამდე კი სასამართლოს ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს პრეზიდენტმა, ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. აღსანიშნავია, რომ თითოეული ეს სარჩელი რუსული კანონის განსხვავებულ სამართლებრივ ასპექტებზე აპელირებს, რომლებიც მოსარჩელეების აზრით, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ძირითად კანონთან.
ავტორი: თეა ვარშალომიძე