
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ე.წ. "გამჭვირვალობის" კანონი რაც შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან - "ამ კანონის პირობებში, თქვენ ვერ შეუერთდებით ევროკავშირს, ეს არ განიხილება" - აღნიშნავს ელჩი. ამ თემაზე მან დეზინფორმაციის ექსპერტთან, ნინი შენგელიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა ძალიან არამეგობრული რიტორიკა ყოფილი საუკეთესო მეგობრების, გერმანიის, აშშ-ის და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მიმართ, რაც "დამახასიათებელი არ არის პარტნიორი ქვეყნებისთვის".
ის გამოეხმაურა პრემიერ კობახიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და მაგალითად ფიცოზე თავდასხმა მოუყვანა.
"გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს, ევროკავშირი ებრძვის ტერორს. გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპელმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა. მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ გლობალური ომის პარტიის, ლიბერალური ფაშიზმის, რევოლუციის, მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის.
ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რაც არაერთგზის გავიმეორე, ევროკავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებისგან. ეს არის ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის გზა, საუკუნეების განმავლობაში ნაციონალიზმის, ფაშიზმის, ნაციზმის, ძალადობისა და გენოციდის შემდეგ. ასე რომ, ჩვენ არ ვართ ახლოს არაფერთან, რასაც შეიძლება ეწოდოს გლობალური ომის პარტია. ჩვენ ვართ გლობალური მშვიდობის პარტია. ამ უკუსვლამ გაგვაკვირვა და იმედი გაგვიცრუა, რაც ბევრ კითხვას აჩენს [ქვეყნის] მომავალი კურსის შესახებ", - თქვა ფიშერმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი (ვინაობის დასახელების გარეშე) სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.