რუსული კანონის ამოქმედების შეჩერებაზე სხდომა იწყება | მხარეთა ნაწილი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს. სხდომა 11 საათზე დაიწყება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, დღეს 9-კაციან კოლეგიას ერთი მოსამართლე აკლია - ირინა იმერლიშვილი სხდომას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ესწრება.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში შესული სარჩელები ერთ საქმედაა გაერთიანებული. პრეზიდენტს განხილვაზე ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე წარადგენენ ადმინისტრაციის იურისტებთან ერთად, ოპოზიციას დეპუტატები - თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებს - ქეთევან ირემაძე, გიორგი დავითური, გამომძიებელი ჟურნალისტების პოზიციას წარადგენს - გელა მთივლიშვილი. "ქართულ ოცნების" პოზიციას ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაიცავენ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომდე მერაბ ტურავამ მედიასთან სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ ყველაფერს სხდომაზე ვნახავთ. მოსამართლე მანანა კობახიძემაც აღნიშნა, რომ წინასწარ ვერაფერს ვერ იტყვის.

თამარ კორძაიამ სხდომის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორსაც დღეს იხილავს, თავისი პრაქტიკის განმავლობაში ჯერ არ განუხილავს - "დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს მოვხვდებით თუ არა ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში, როგორიც არის რუსეთი, ბელარუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, კამბოჯა, უგანდა, ჩინეთი, ინდოეთი..."

ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ოცნება" რუსულ კანონთან მარტოა და ყველა გაერთიანებულია საქართველოს 10 000-ობით მოქალაქის დაკვეთის ირგვლივ, როცა ისინი თვეები აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და ქვეყნისთვის ევროპული გზის ჩაკეტვას.

"ჩვენ დღეს სასამართლოს წინაშე ვითხოვთ, სანამ სრულად განხილვა დასრულდება, შეჩერდეს ამ რუსული კანონის მოქმედება", - თქვა ნაცვლიშვილმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი