რატომ არ გამორიცხავს ოპოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნებისთვის" სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს? სკეპტიკური განწყობის მთავარი მიზეზი კოლეგიის შემადგენლობაა. ხელისუფლების და რუსული კანონის ოპონენტები იხსენებენ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის. მათ შორის, საუბარია მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებზე და საქმეებზე, რომლებზეც კონკრეტული მოსამართლეები მუშაობდნენ. პოლიტიკური გავლენის დადასტურების ბოლო ფაქტად კი პრეზიდენტის იმპიჩმენტი სახელდება, როდესაც "ქართული ოცნების" უარგუმენტო ბრალდებას საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა.