დევიძის თქმით, რუსული კანონის ფარგლებში დეკლარაციის შევსებისას მედიისთვის ინფორმაციის წყაროს დამალვა "ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია"

გამოქვეყნდა:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე ამბობს, რომ რუსული კანონის პირობებში, დეკლარაციის შევსებისას მედიებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს დამალვა "ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია". ამ თემაზე მან საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შესული სარჩელების განხილვისას განაცხადა. 

მოსამართლემ მას ჰკითხა, თუ სუბიქტმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ რაღაც ოდენობის თანხა გადაეცა ინფორმაციის წყაროს, მაგრამ არ დაასახელა წყარო, ეს მისაღები იქნება თუ არა იუსტიციის სამინისტროსთვის. აღნიშნულს დევიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

"პირველ რიგში, ვთქვათ წყაროს მითითება ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე,რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვეუბნებით, რომ ის არ ჩაწერო, წყაროა იყო თუ უბრალოდ გამვლელი. [ვეუბნებით] ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია მიუთითე, მაგრამ რატომ და რისი გულისთვის და რა კონტრაქტი გქონდა, ჩამოაყალიბე განსხვავებულად ისე, რომ არ მიუთითო, რომ ეს წყაროა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერა, რაღაც სოციალური ხარჯი ან რამე, ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია, რომ მიეთითოს იმგვარად, რომ არ გამოჩნდეს კონკრეტულად რა მიზნით გადაეცა [თანხა].

ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში მიზანი ჩამოაყალიბე ისეთნაირად, რომ არ მოახდინო ამ პირის იდენტიფიკაცია მისი კონკრეტული მახასიათებლების. პირის, მზინის, კონკრეტული თანხა რატომ გადავიხადე, მაგალითად, გადავიხადე იმისთვის, რომ ინფორმაცია ვიყიდე, რაღაც ასეთი სიტყვა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს არ უნდა ჩაწერო, რომ ინფორმაცია იყიდე და ამისთვის უხდი ფულს. უნდა დაწერო სხვანაირად, მმიუთითო მაგალითად, "მივეცი თანხა მხარდაჭერისთვის" ან "გადავუხადე მომსახურება". თუ იქნება ბუნდოვანი, საჯარო რეესტრი მიიღებს ასეთ დანართს, თუ იქნება საჭირო, გადამოწმდება და შეიძლება ჩვენ დავაზუსტოთ ეს საკითხი, მაგრამ ეს არ გამოქვეყნდება, სახელმწიფოს ეცოდინება", - თქვა დავით დევიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი