ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აზრით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგია თავიდან ბოლომდე კორონავირუსზეა აწყობილი. როგორც "გირჩის" ლიდერმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავრი დებატები" თქვა, ოლიგარქის პარტია პანდემიას ძალიან ცუდად იყენებს და "ქულებს იწერს" იმითიც, რაც გაზაფხულზე გააკეთეს: "იმეორებენ იმას, რომ ჩვენ ვართ მხსნელები და გმირები, გადაგარჩინეთ, ნახეთ, რა მაგარი სატისტიკა გაქვთ".
ზურა ჯაფარიძე ხელისფლების მიერ პანდემიის პირობებში გაცემულ დახმარებას მოსყიდვას უწოდებს.
ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში ისინი ვერ დაარიგებდნენ 200-200 და 300-300 ლარებს და ახლა ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, ჩვეულებრივ მოსყიდვა არის. მაგრამ აკეთებენ და "აპრავებენ", რომ, რა ვქნათ ძმაო, პანდემიაა - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
"გირჩის" ლიდერი ამბობს იმასაც, რომ "ოცნებას" თავისი აქტივი დარაზმული ჰყავს და მას არჩევნებზე აუცილებლად გამოიყენებს.
"ოცნებას" თავისი აქტივი დარაზმული ჰყავს. ეს არის ბიუჯეტზე მიბმული ხალხი: სოციალურად დაუცველები იქნება, საჯარო მოხელე თუ სსიპ-ებისა და ააიპ-ების ხალხი. ყოველდღე, გახარია ხან ერთ მონასტერში, ხან მეორე მონასტერში, ეს არის მრევლი, ანუ საპატრიარქოს იყენებენ და ეს არის "შავი სამყარო" და ქუჩა. ესენი ამ სამ "ბრიგადას" აუცილბლად მოიყვანენ არჩევნებზე და აქეთ მხარეს [ოპოზიციის] თუ ცოტა ხალხი მოვიდა, არჩევნებს წავაგებთ, - თქვა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.