ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი კიდევ ერთხელ ეხმაურება "ოცნებისა" და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ გზავნილებს "გლობალურ ომის პარტიაზე" და იმეორებს, რომ "თუ გლობალური ომის პარტია მართლაც არსებობს, მაშინ მისი შტაბ-ბინა არის მოსკოვში და არა ვაშინგტონში".
კრამერს, რომელიც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება ჰკითხეს რუსულ კანონზეც, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციებს ამ კანონის ფარგლებში შექმნილ რეესტრში რეგისტრაციის ვადა ამოეწურათ და მათმა უმრავლესობამ რეგისტრაციაზე უარი თქვა. კრამერი ამბობს, რომ ოპტიმისტურად არაა განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს ამ ეტაპის შემდეგ ხელისუფლება. მისივე თქმით, იმედი აქვს აშშ დააწესებს პერსონალურ სანქციებს, ასევე სურს, იგივე გააკეთოს ევროკავშირმაც.
"თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ისინი არ გამოიყენებენ ამ კანონს [რუსული კანონი] სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის განსახორციელებლად, განსაკუთრებით არჩევნებამდე როცა ორი თვეა დარჩენილი. ჩვენ ამ სიტუაციას დავაკვირდებით და მე იმედი მაქვს ასევე, რომ შეერთებული შტატები დააწესებს პერსონალურ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სიტუაციის შექმნაზეა პასუხისმგებელი. მე ნაკლებად იმედიანად ვარ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან მინდა, რომ მათაც მიიღონ ანალოგიური ზომები. ვიცი, რომ მათ შეაჩერეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის.
მე მიმაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილი ცუდ როლს ასრულებს. მისი კომენტარი, რომ აშშ არის გლობალური ომის პარტიის ნაწილი, არის უბრალოდ სასაცილო, მაგრამ ამავე დროს შეურაცხმყოფელი, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონმა საქართველოს 6.5. მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. როდესაც რუსეთს აქვს თქვენი ქვეყნის 20% კუპირებული და ამ დროს შენ ამბობ, რომ გლობალური ომის პარტია ამერიკაა, ეს აბსურდია. თუ გლობალური ომის პარტია მართლაც არსებობს, მაშინ მისი შტაბბინა არის მოსკოვში და არა ვაშინგტონში. ამიტომ, მე უკვე რამდენიმე წელია ვიძახი, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს და ახლაც ასევ ვფიქრობ. მე ამას არ ვამბობ კმაყოფილებით, მე მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ არ მინდა, რომ ზოგიერთმა პიროვნებამ ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით წაიყვანოს", - ამბობს კრამერი.