"ჩემი ქართველი კოლეგა მაიგნორებდა... თუ ვინმე ცდილობს ხიდების დაწვას, ეს მხოლოდ "ქართული ოცნებაა" | ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი

გამოქვეყნდა:

"ჩემი ქართველი კოლეგა მაიგნორებდა... თუ ვინმე ცდილობს ხიდების დაწვას, ეს მხოლოდ "ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი", ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რას ნიშნავს 26 ოქტომბერი საქართველოსთვის. თავად ქართველებმა უნდა განსაზღვრონ, რა მნიშვნელობის დღე არის ეს მათთვის - რიგითი არჩევნები თუ არჩევნები, რომლებიც გადაწყვეტს, საით წავა საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. საერთოდ, 2024 წელი მსოფლიოში არჩევნების წელია. 4 მილიარდი ადამიანი მაინც მივა საარჩევნო უბანზე და თითოეულმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა, არის თუ არა კმაყოფილი ცხოვრების პირობებით, არის თუ არა კმაყოფილი მთავრობის ქმედებებით.

ჩვენ რაც შეგვეხება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერები ვართ და ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც ლატვიელი, არამედ ასევე როგორც ევროპარლამენტის წევრი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მოიცავს პასუხისმგებლობას, რომ საქართველომ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს. ახლა თქვენ კანდიდატის სტატუსი გაქვთ და მე ძალიან მინდა, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადახვიდეთ, მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეასრულოთ. თუმცა, ბოლო თვეებში რაც ვნახეთ, როდესაც მთავრობამ მიიღო საეჭვო კანონი, რბილად რომ ვთქვა, ეს შეშფოთებას იწვევს. საერთოდ, ევროკავშირი ცნობილია შეშფოთებების გამოხატვით, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ვაკეთებთ, ეს არ უნდა იქნას აღქმული, როგორც უბრალოდ თითის დაქნევა, არამედ ეს ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ასე რომ, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, პოლიტიკოსებმა კი უნდა აუხსნან ხალხს, რა დევს სასწორზე. მე იმედი მაქვს, რომ დემოკრატია საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალია.

ამ რიტორიკაზე ევროკავშირს პასუხი უკვე ჰქონდა, კერძოდ უმაღლესმა წარმომადგენელმა დაგმო ასეთი რიტორიკა ოპოზიციის წინააღმდეგ. მე ვიცი, რომ ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ უკავია და ზოგიერთი იტყვის, რომ ეს სიტყვის თავისუფლებაა. ამიტომ, თუ ის აფილირებულია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ისევ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. 

მე მაგალითს მოგიყვანთ. ჩვენ ლატვიაშიც გვყავს ოლიგარქები. ალბათ არა ასეთი მასშტაბის, მაგრამ მაინც არიან და ერთ-ერთი მათგანი შარშან აშშ-მა დაასანქცირა. ის ასევე არის ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც აფილირებულია მმართველ პარტიასთან და მისი საჯარო გამოსვლებისას ის ნატოს საოკუპაციო ძალას უწოდებს. მაგრამ ჩვენ არ მოვუწოდებთ ნატოსა და ევროკავშირს, რომ რეაგირება მოახდინონ. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ხალხს, უნდათ თუ არა მათ, რომ მათი მთავრობა ასეთ პოლიტიკას ატარებდეს. ასე რომ, 26 ოქტომბერს არის ჭეშმარიტების მომენტი და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი.

თუ თქვენ მართლა გინდათ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოთ ევროკავშირთან, მაშინ ამ კანონის ადგილი თქვენს კანონმდებლობაში არ არის. მე მომისმენია მოსაზრებები, რომ ევროკავშირს და აშშ-საც აქვთ ასეთივე კანონები, მაშინ ზუსტად ასეთივე კანონი მიიღონ. ამ კანონში კი არის ნიუანსები, რომელთა შესახებ ჩვენ კარგად ვიცით და ვენეციის კომისიამაც ძალიან კონკრეტულად დაასახელა ყველა მათგანი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მე იმედი მაქვს, რომ საქართველო ჯერ კიდევ დემოკრატიული ქვეყანაა.

...როდესაც მე საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჩემი ქართველი კოლეგა უბრალოდ მაიგნორებდა. თუ ვინმე ცდილობს ხიდების დაწვას, ეს მხოლოდ "ქართული ოცნებაა", - განაცხადა მან.

ინტერვიუ სრულად:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი