ეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში | ირაკლი ეძგვერაძე იზოლატორში რჩება

გამოქვეყნდა:

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით გუშინ ღამით, გლდანში, საკუთარ სახლთან დააკავა. ცოტა ხნის წინ ეძგვერაძესთან მისი ადვოკატი შევიდა.

"მთავარმა" შეძლო ერთ-ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება - გიორგი ზუბადალაშვილი. მან დააკავა როგორც ეძგვერაძე, ასევე ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე, გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ.

"მას ეტყობა ტანზე სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, მას ეტყოდა ასევე კისრის მიდამოებში დალურჯებები და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ადვოკატს არ მოგვცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ამის შემდეგ ეთქვათ, თუ სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. კადრებში გავრცელებულია თუ ვინ ძალადობს ირაკლი ეძგვერაძეზე, ირაკლიმაც იცის მასზე ვინ იძალადა. ველოდებით საგამოძიებო უწყებას, რომელიც დაინტერესდება და დაიწყებს გამოძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე აქვე ვაფიქსირებ, რომ დღემდე კოკა კაციტაძის უწყებას ერთი მოძალადე პოლიციელიც არ დაუსჯია", - თქვა ადვოკატმა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც, მათივე მტკიცებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ. 

იზოლატორთან განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძემ, რომლის თქმითაც, იმის ნაცვლად, რომ "ოცნება" კორუფციას, სიღარიბეს, უმუშევრობას ებრძოდეს, ებრძვის ოპოზიციას. 

"დღეს ბიძინა ივანიშვილი არის სრულ აგონიაში, მათ არ აქვთ ხალხთან მისასვლელი პირი. მეორე მხარეს ისინი ხედავენ ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა თუ ყველა სოფელში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ეს დამოკიდებულება არის მთავარი მიზეზი მათი დაუოკებელი შიშის, რაც აქვთ", - თქვა ჯაფარიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი