"უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისკენ", - ამ სათაურით აქვეყნებს სარედაქციო სტატიას გამოცემა The Washington Post-ი და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. სტატიაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება მოხსენიებულია, როგორც "ავტორიტარული და პრორუსული ჯგუფი".
სტატია სრულად:
პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატია. სწორედ ამიტომაა საქართველოდან ბოლო ცნობები ასე საგანგაშო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული ჯგუფი, იმუქრება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს და აკრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას. ეს შესაძლოა იყოს საქართველოს დემოკრატიისთვის ბოლო გაფრთხილება. შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეუძლია მის გადასარჩენად.
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის, რომ აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიული მომავლისა და ევროპასთან კავშირების გაღრმავების ერთგული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება რუსეთთან არის კავშირში. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პატარა ლიბერალური პარტიის წევრია და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, გასულ თვეში გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ მოახლოებული არჩევნები „ეგზისტენციალური ხასიათისაა“. „არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის“, - განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა.
როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლის დასაწყისში სცადა გაეტარებინა რეპრესიული „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ეს „რუსული კანონი“ და ლიდერების როლი ახალგაზრდებმა იკისრეს.
საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ვეტო გადალახა და კანონმდებლობა ძალაში შევიდა. ის მოითხოვს ნებისმიერ არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციისგან, რომელიც იღებს თავისი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც ამას აკეთებს საქართველოს 10,000-მდე არაკომერციული ორგანიზაცია, დარეგისტრირდეს საჯარო მონაცემთა ბაზაში უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. კანონი ამჟამად გასაჩივრებულია სასამართლოში. სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავსი კანონები გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს საქართველოს მტავრობა, რომ კანონი წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რაც უდავოდ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნება და რუსეთი მხარს უჭერენ ამ კანონს.
უახლესი ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ცალსახად დაიმუქრა გასულ თვეში, რომ გააუქმებს მთავარ ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს, თუ ქართული ოცნება მოიგებს 150-კაციან პარლამენტში მინიმუმ 113 მანდატს. „სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური ძალაა“, - განაცხადა მან ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებზე, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ, რომელიც დააარსა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს კი ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით არის დაპატიმრებული.
ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა ყოფილმა პრემიერმა, რომელიც „ქართული ოცნების“ უკან დგას, არაერთხელ უწოდა ოპოზიციას ჩრდილოვანი გლობალური შეთქმულების ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოს ხელში ჩაგდებაა.
პრემიერმინისტრის ბოლო კომენტარები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ემზადება ოპოზიციის გასანადგურებლად. ბატონმა კობახიძემ ცალსახად არ თქვა, როგორ განხორციელდება ეს, მაგრამ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დაამტკიცებს, რომ ოპოზიციამ სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი პროვოცირება მოახდინა, რაც აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20 პროცენტი.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და რომ დროა შეიცვალოს ქართული ოცნების მმართველობა. განწყობა განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდებში.
31 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ფიანნსური დახმარება საქართველოს მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების“ გამო. საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ევროკავშირმა შეაჩერა ეს პროცესი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ.