"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, ევროატლანტიკურ მომავალს, არ შეესაბამება", - ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი National journal-თან ინტერვიუში საუბრობს.
ინტერვიუში საუბარი შეეხება რუსულ კანონს, საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობას, ამის გამო, აშშ-ის მიერ მთავრობისთვის შეჩერებულ 95-მილიონიან დახმარებას, ასევე ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ.
სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ [რუსული] კანონის შესახებ აშშ შეშფოთებას გამოთქვამს მას შემდეგ, რაც ის "ოცნების" ხელისუფლებამ თავდაპირველად, ერთი წლის წინ, დააინიცირა: "ის ასახავს მსგავს კანონს, რომელიც მიიღეს რუსეთში, რამაც გამოიწვია ქვეყნიდან ამდენი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის გამოსვლა. ჩვენ იგივეს ვხედავთ საქართველოშიც".
შაჰინი ციტირებს ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებებსაც, რომლებმაც თქვეს, რომ "კანონი ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს არ შეესაბამება", რის გამოც, მისი თქმით, ორგანიზაციამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით "წითელი დროშები აღმართა".
"ერთი რამ, რაც პრემიერმინისტრმა გვითხრა, როდესაც შევხვდით - ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებთან გაუარესებულ ურთიერთობასა და ჩვენს შეშფოთებაზე - "ქართული ოცნების" მთავრობას არ სურს გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას. მისი თხოვნა იყო, შეგვეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. მათი, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულად იყვნენ განწყობილები "ოცნების" ხელისუფლების მიმართ.
[...]
კიდევ უფრო შემაშფოთებელია დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, ევროატლანტიკურ მომავალს, არ შეესაბამება. ვფიქრობ, ძალიან რთულია დანახვა, როგორ გააგრძელებს [საქართველო] დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თავდაცვის მინისტრთან, პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტ [სალომე] ზურაბიშვილს, რომელიც იზიარებს ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, - აცხადებს შაჰინი.
სენატორის განცხადებით, ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ იღებს ქვეყანა რუსულ კანონებს იმ დროს, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ჯინ შაჰინი შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზეც საუბრობს: "ვაპირებთ თუ არა ამ დაფინანსების აღდგენას, დამოკიდებულია შეფასებაზე, რომელზეც ახლა მიმდინარეობს [მუშაობა] საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი პოლიტიკის შესახებ".
ის ასევე საუბრობს მის მიერ სენატში წარდგენილ "ქართველი ხალხის აქტთან" დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ პროექტით გათვალისწინებული "ძირითადი დებულებები, სანქციების ჩათვლით, წინ წავა".
"ჩვენ ველოდებით სახაზინო კომიტეტის ხელმოწერას სანქციების დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს", - აცხადებს შაჰინი და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ "ოცნების" მიერ წარდგენილი [რუსული] კანონი, და ზოგადად, "ქართული ოცნება" დევნის მათ, ვინც სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკას არ ეთანხმება.