კახა კალაძემ, რომელსაც "არ უყვარს საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში", თერჯოლელ ამომრჩევლებს თერჯოლაში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძე წარუდგინა და ისევ იმაზე ილაპარაკა, რა იყო 2012 წლამდე:
ძალიან მიხარია, რომ დღეს, თერჯოლელების, ერთგული თანამებრძოლების წინაშე ვიმყოფები, ადამიანების, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, თავიანთი აქტიური ჩართულობით ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ. ასე იყო 2012 წელს, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ტერორი და ძალადობა, როდესაც ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, პირადი კომფორტი გვერდზე გადადეს და ქვეყნის გათავისუფლების საქმეში ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მტრული ძალა ერთად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ეს მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, როგორც ყველა განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ხდება - ამბობს კალაძე.
მისივე თქმით, არიან ძალები, რომლებსაც ქვეყნის "ბნელ წარსულში" დაბრუნება უნდათ
ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზას ადგას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა და ჯერ კიდევ სამწუხაროდ არიან ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა ბნელ წარსულში, ძალადობაში დააბრუნონ - ამბობს კალაძე.
"ოცნების" გენმდივანმა და დედაქალაქის მერმა წინა ხელისუფლებაზე დღეს ერთხელ უკვე ისაუბრა. თერჯოლამდე ბეჟან წაქაძე ტყიბულელ ამომრჩევლებს წარუდგინეს.