თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო და ნადირაძე ადმინისტრაციული წესით, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ პოლიციელები, მათ შორის ისიც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავებაში. ნადირაძე ამბობს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და მისი და ირაკლი ეძგვერაძის დაკავებაც მთლიანად პოლიტიკური იყო:
"პროცესზე მოიყვანეს მხოლოდ ოთხი პოლიციელი, რომელთაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. გვითხრეს, რომ თურმე ატარებდნენ სპეცოპერაციას და სპეცოპერაციის დროს ნაწილი ამბობდა, რომ კამერა არ მუშაობდა და გაფუჭებული იყო, ნაწილი ამბობდა, რომ არ აწარმოებდნენ გადაღებას. ამბობდნენ, რომ 50-მდე ადამიანი უშლიდა ხელს, მაგრამ დაადასტურეს, რომ მაინც და მაინც ამდენი ადამიანიდან აგვარჩიეს ჩვენ - გლდანის საარჩევნოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ეძგვერაძე და სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ნადირაძე.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ნეიტრალური მოწმე იყო ადგილზე, არცერთი ნეიტრალური მოწმე არ დაუკითხავთ, არცერთი კამერა ამ ადამიანებს არ ამოუღიათ და იყვნენ დაკავებულები ცრუ ჩვენებების მიცემით თითქოს და იქ მოწმობა მაჩვენეს, რომ პოლიციელები იყვნენ, თუმცა ფორმა არვის არ ეცვა და ამით ცდილობენ გაამართლონ ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს ირაკლი ეძგვერაძის და ჩემს წინააღმდეგ.” - ამბობს ნადირაძე.
შეგახსენებთ, ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბრის ღამეს დააკავეს.
დაპირისპირება ეძგვერაძის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა გაერკვია რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვნები მის ავტოფარეხთან. შსს -ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.
ნადირაძე რამდენიმე საათში, ხელწერილით გაათავისუფლეს, ხოლო ეძგვერაძე იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეაგირება მოითხოვეს. გამომძიებელმა ეძგვერაძე იზოლატორში გამოკითხა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე.
ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს. შსს ეძგვერაძესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.