ირაკლი ეძგვერაძემ სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა | პროცესზე მოწმეებს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრმა, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ეძგვერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, მოსამართლეც და შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლებიც, ვინც მის წინააღმდეგ უნდა მისცენ ჩვენება არიან მიკერძოებულები, შესაბამისად მოსამართლე არ მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. 

შსს მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მე როცა დაკავებული ვიყავი, წინასწარი დაკავების იზოლატორში შემომიტანა ოქმი, სადაც წერია, რომ მე სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი მათ და მათ თურმე არ დავემორჩილე. ჩემს მიმართ განხორციელდა მძიმე დანაშაული, პირდაპირ ვიტყვი, მე ვიმყოფებოდი ჩემ უბანში, ჩემ სახლთან, სადაც არაერთმა პოლიციელმა იძალადა. თუ ერთი ვიდეომტკიცებულება მაინც ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი, იმ ჩვენებების გარდა, საჯაროდაც არის ვიდეოკადრები, ჩვენც წარმოვადგინეთ. თუ ერთიც ექნებათ, რომ მე პოლიციელს ვაყენებ შეურაცხყოფას ნებისმიერ სასჯელს, მკაცრსაც, თქვენსას მივიღებ გაგებით," - განაცხადა ეძგვერაძემ სასამართლო დარბაზში.

დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი და დაცვის მხარის სამი მოწმე დაიკითხება. ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქამდე ის პოლიციელები არ დაუკითხავს ვისაც ეძგვერაძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, დღეს უწყებას შეუძლია ეს გააკეთოს.

"არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ მათ წარმოედგინათ, ისევ არიან პოლიციელები, სამაგიეროდ ჩვენ წარმოვადგინეთ ვიდეოკადრები, სადაც დაზუსტებით ჩანს, როგორ ძალადობენ ირაკლი ეძგვერაძეზე. ირაკლი ეძგვერაძეზე ვინც იძალადა აი ის ადამიანი დღეს მოწმის სახით არის დაბარებული. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თუ ეს ადამიანი აქამდე არ გამოჰკითხა შეუძლია, რომ აქვე გამოითხოვს, დღეს შემოვა სასამართლო დარბაზში. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი მოწმე დაიკითხება, დაცვის მხარემ წარვადგინეთ სამი მოწმე და ეს სამი მოწმე სრულად მოჰყვება თუ რა ხდებოდა, როგორ განვითარდა, როგორ იძალადეს ირაკლი ეძგვერაძეზე და საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს," - ამბობს ადვოკატი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი