დღეს საქალაქო სასამართლოში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ერთდროულად 3 პროცესი მიმდინარეობს. "მთავარი არხის", "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას საჩივრით "ქართულმა ოცნებამ" მიმართა, რომელიც კრიტიკულ მედიას ცალკეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის საეთერო დროის დათმობას ედავება იმ მოტივით, რომ აღნიშნული სუბიექტები საარჩევნოდ კოალიციებად გაერთიანებას გეგმავენ. საუბარია პოლიტიკურ სუბიექტებზე "კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი", "მოქალაქეები - ელისაშვილი" და "ევროპული საქართველო". სასამართლოში შუამდგომლობით კომუნიკაციის კომისია წარდგა.
სასამართლომ მთავარი არხი და ფორმულა სამართალდამრღვევებად მიიჩნია, ტვ პირველის საკითხის განხილვა კი კვლავ გრძელდება. სამართალდარღვევისთვის სასამართლომ სანქციად გაფრთხილება გამოიყენა.
"მარეგულირებელი კომისიის ძალისხმევით და "ქართული ოცნების" დირექტივით, კომისიამ და სასამართლომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ კომისიაც და სასამართლოც გვეუბნება, რომ თურმე არ უნდა დაგვეთმო უფასო სარეკლამო დრო კონკრეტული პარტიებისთვის: "კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი", "მოქალაქეები - ელისაშვილი" და "ევროპული საქართველო". კომისიამ და სასამართლომ დღეს თქვა, რომ ამ პარტიებს არ ეკუთვნით უფასო სარეკლამო დრო, მაშინ როდესაც ჩვენ გაგზავნილი გვქონდა კომისიაში წერილი, თუ რომელ პარტიებს ეკუთვნით დრო და მათი დასტური და ინსტრუქცია გვაქვს, თუ როგორ უნდა გვეხელმძღვანელა და ამის მიხედვით მივეცით პარტიებს დრო," - აცხადებს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.