აშშ-ის ფინანსური სანქციები საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებსა და ალტ-ინფოს პრორუს დამფუძნებლებს | განცხადების სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების ძირის გამოთხრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, 2024 წელს, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკი დარბევის გამო დასანქცირდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (იგივე ხარება) და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური. 

"[რუსული] კანონის მიღებამდე, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უშიშროების ძალებმა ძალადობრივად დაუსვეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდული აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

[...]

სპეცდანიშნულების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ძალადობა მოიცავდა უცხოური გავლენის ახალი კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივი საპროტესტო აქციების მრავალი მონაწილის სასტიკ ცემას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ხარაზიშვილი ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში", - წერს უწყება. 

რაც შეეხება "ალტ-ინფოს" პრორუს დამფუძნებელს, კოკა მორგოშიას, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ მის მიერ დაფუძნებული მედიაკომპანია დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

"ზურაბ მახარაძე Alt-Info-სთან ასოცირებული პირია და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული ქართველების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების მიმართ ონლაინ რეჟიმში მარგინალიზებულ თემებზე ძალადობრივ თავდასხმებამდე და 2021 და 2023 წლებში ადამიანის უფლებათა დამცველებზე ძალადობიას ხელმძღვანელობდა", - წერს უწყება.

სანქციებთან დაკავშირებით, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ბრედლი სმიტმა განაცხადა: „დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და მთავარი პირების ძალისხმევის მიმართ, გამოიყენონ ძალადობა და დაშინება თავიანთი მიზნების მისაღწევად.... აშშ ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობს".

რას მოიცავს სანქციები:

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რას მოიცავს დღეს ამ ოთხი პირის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები:

"დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილ პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და აქცია, რომელიც მდებარეობს აშშ-ის ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არის დაბლოკილი და მოხსენებულია საგარეო ქონების კონტროლის ოფისს [OFAC]. დამატებით, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთიან ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთს ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს. თუ OFAC-ის მიერ გაცემული ლიცენზიით არ არის ნებადართული, ან არ არის გამონაკლისი, OFAC-ის რეგულაციები კრძალავს აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში ან ტრანზიტით ყველა ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს რაიმე ქონებას ან აქციებს განსაზღვრული ან სხვაგვარად დაბლოკილი პირების ქონებაში", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი