"...რატომ უნდა სურდეს ოკუპირებულ ქვეყანას, რომელმაც ბევრი იბრძოლა რუსული გავლენისგან თავის დასახსნელად, ისევ რუსულ გავლენას დაუბრუნდეს?!" | სენატორი კარდინი

გამოქვეყნდა:

"...რატომ უნდა სურდეს ოკუპირებულ ქვეყანას, რომელმაც ბევრი იბრძოლა რუსული გავლენისგან თავის დასახსნელად, ისევ რუსულ გავლენას დაუბრუნდეს?!", - ასე პასუხობს Globalnews.ge-სთან ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი შეკითხვას, რატომ ცვლის საქართველო საკუთარ საგარეო კურსს რუსეთისკენ.

"დიახ, ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გვებადება და ერთ-ერთ ბოლო მოსმენაზე სენატორმა რიშმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგად გაუსვა ხაზი ჩვენს გაოცებას - რატომ უნდა სურდეს ოკუპირებულ ქვეყანას, რომელმაც ბევრი იბრძოლა რუსული გავლენისგან თავის დასახსნელად, ისევ რუსულ გავლენას დაუბრუნდეს?! ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ასე აღფრთოვანებით საუბრობდა დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, დასავლურ ღირებულებებზე, თანასწორობაზე, ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე, ახლა თითქოს რეგრესისთვის იბრძვის. ჩვენ ამ პროცესით ძალიან გაკვირვებულები ვართ. კონკრეტული ნიშნები კი, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც. რეგრესული, რუსული სტილის კანონმდებლობის საქართველოში ამოქმედება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჰგავს ღია და მკაფიო ნაბიჯს, რომ ის უარყოფს დემოკრატიას და მის ყოველგვარ საფუძველს. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის არსი სრულიად რუსულია და ამას ძალიან დიდი სინანულით ვამბობ. მისი შედეგები რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც მიიღეს, უკვე ვიხილეთ და ნამდვილად არ გვსურს იგივე საქართველოში მოხდეს. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს შეცვლის.

[...]

ჩვენ გვინახავს რუსეთის ჩარევის მცდელობები არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კარგად ვიცით, როგორ მოქმედებენ ისინი და რამდენად ინტენსიური დეზინფორმაციის მექანიზმებით ოპერირებენ. თუმცა იმაში დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხის ნება ძალიან მტკიცეა. ჩვენ არ ჩავერთვებით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ გვჯერა, რომ უნდა გვქონდეს შესაბამისი რეაქცია, როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლებას სურს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიებისთვის სივრცის შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლების ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების გარანტორები არიან", - განაცხადა ბენ კარდინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი