ემიგრანტების სარჩელი დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე | საქალაქოს მოსამართლემ საქმის წარმოება შეწყვიტა

გამოქვეყნდა:

ემიგრანტების სარჩელი, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დამატებითი საარჩევნო  უბნებს გახსნას ითხოვდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. 

პირველ ინსტანციას სარჩელით რამდენიმე ორგანიზაციამ მიმართა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით არ არსებობს დავის საგანი და საქმის წარმოება შეწყდა - მოსამართლემ განმარტა, რომ ცესკოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება დამატებით უბნების გახსნასთან დაკავშირებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია ცესკო, რომელიც საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის განხილვას ხვალ აპირებს:

"საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება ცესკოს მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების გზით და ცესკოს აქვს კანონმდებლობით, კერძოდ, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა, როდესაც უნდა შექმნას საარჩევნო უბანი. ცესკოს სხდომის დღის წესრიგში არის უკვე შეტანილი აღნიშნული საკითხი და ხვალ ცესკო, როგორც კოლეგიური ორგანო იმსჯელებს ამ საკითხის თაობაზე და თავისი განკარგულებით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას" - განაცხადა სასამართლოს დასრულების შემდეგ ცესკოს წარმომადგენელმა, იოსებ ლომაშვილმა. 

მოსარჩელეების ადვოკატის შეფასებით კი, სასამართლოს შეეძლო პრევენციული გადაწყვეტილება მიეღო:

"სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი და აშკარად დაუსაბუთებელია. სასამართლომ დაგვაყენა ცესკოსთან პირისპირ და გვითხრა, რომ დაელოდეთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას და თუ არ დაგიკმაყოფილებთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს მაგ შემთხვევაში იდავეთო როცა შეეძლო პრევენციულად [მიეღო გადაწყვეტილება, როცა არსებობს ამის ყველა წინაპირობა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პასიურობს, არ გადასცემს სიებს, ცესკოს თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხს მიიჩნევს დისკრეციად"  - განაცხადა ადვოკატმა ბესარიონ ალავიძემ. 

ცნობისთვის, კანონმდებლობით ქალაქში, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩეველია, დამატებითი უბნები უნდა გაიხსნას.  გაიხსნება თუ არა უბნები, სავარაუდოდ, ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი