"საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად, ბაიდენმა ქვეყნის ოლიგარქებს სანქციები უნდა დაუწესოს" | დევიდ კრამერისა და იან კელის სტატია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად, ბაიდენმა ქვეყნის ოლიგარქებს სანქციები უნდა დაუწესოს", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირეტორი, დევიდ კრამერი სტატიას გამოცემა The Hill-ზე აქვეყნებენ.

ისინი თვლიან, რომ აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სავიზო და ფინანსური სანქციები არ ეხებოდა "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს", რომელიც საქართველოს "ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი". 

იან კელი და დევიდ კრამერი წერენ, რომ სანქციების აღნიშნული პაკეტი საკმარისი არ იყო და შეერთებულმა შტატებმა ცხადად უნდა გამოხატოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი და მისი პარტია ქართველი ხალხისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობისთვის "დამანგრეველ" გზაზე სიარულს გააგრძელებენ, ფინანსურ ბერკეტებს გამოიყენებენ. 

"შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუკი ოქტომბრის არჩევნებს მის სასარგებლოდ გააყალბებს ან ოპოზიციის აკრძალვის მუქარას აღასრულებს, მას და მის მილიარდერებს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური სანქციების სრულ ძალასთან გამკლავება მოუწევს", - აღნიშნულია სტატიაში. 

აქვე, კელი და კრამერი ეხმაურებიან "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რუსულ კანონს და ოლიგარქი ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის 2008 წლის ომზე საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას და არა რუსეთს. 

"ივანიშვილმა ქონება რუსეთში ბიზნესით გამოიმუშავა, სანამ სამშობლოში დაბრუნდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. 2012 წლიდან ის არაფორმალური მმართველია... ამ დროის განმავლობაში ის მუდმივად ცდილობდა მოსკოვთან კავშირების გაუმჯობესებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას განაგრძობდა. მათ შორის, აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები, საქართველოში ჩავიდა ათასობით რუსი და აღდგა ვაჭრობა ქვეყნებს შორის", - წერია სტატიაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი