ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ რაჟდენ კუპრაშვილის საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
კუპრაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება კანონიერია, თუმცა მისი შეცვლის მიზეზი, მისივე თქმით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფრთხეა:
საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. " განმარტა კუპრაშვილმა.
კუპრაშვილს ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, რომ გადაწყვეტილება „აირჩიე ევროპასაც” შეეხებოდა, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ „ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას”.
შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმა კობახიძემ განცხადება გაავრცელა და რაჟდენ კუპრაშვილს 24 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების "გადახედვისკენ" მოუწოდა.
კობახიძის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის განცხადება, სადაც სადამკვირვებლო მისიების დევნის გამო ეჭვქვეშ იყო დაყენებული მოახლებული არჩევნების ლეგიტიმურობა.