"საქართველო ევროპულ გზაზე... თუ დღეს არ ვიმოქმედებთ, ხვალ გვიან იქნება", - ევროპარლამენტში საქართველოზე მსჯელობის პარალელურად, 8 ოქტომბერს, ემიგრანტები სტრასბურგში აქციას აანონსებენ. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.
"8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში გაიმართება მნიშვნელოვანი სესია, სადაც განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების რღვევასა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეებს. ჩვენ, როგორც ქართველი ხალხი, უნდა შევიკრიბოთ, რომ ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი - საქართველო იყოს დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების გზაზე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სამართლიანობისა და ევროპული მომავლის დასაცავად!
საქართველოს ხელისუფლება არღვევს კანონს მოქალაქეების წინაშე ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არ გახსნით სტრასბურგში! სადაც მუდმივი წარმომადგენლობის მისამართია და უამრავი ქართველი ცხოვრობს. უხეშად არღვევენ დემოკრატიულ პროცესებს. თუ დღეს არ ვიმოქმედებთ, ხვალ გვიან იქნება! შემოგვიერთდი, ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა ხმა, უფლება და ევროპული მომავალი დაცული იყოს!"- წერენ აქციის ორგანიზატორები.