"არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე", - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 4 ოქტომბერს მიიღო, ისე, რომ მოსარჩელეების არცერთ წარმომადგენელს არაფერი შეატყობინეს. ცხრა ოქტომბერს კი ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს. პლენუმის 8 მოსამართლე წევრიდან ექვსმა უარი თქვა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამ ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი როლი შეესრულებინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორმა მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა არ გაიზიარეს ექვსი კოლეგის მოსაზრება და ხელი არ მოაწერეს პლენუმის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსული კანონის მოქმედება არ შეჩერდება. რაც შეეხება მოსარჩელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ მძიმე პრობლემას რაც სასამართლო სისტემაშია.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის ავტორები არიან პოლიტიკოსებიც, 38 დეპუტატის ერთობლივი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის შეჩერებას მისი არსებითი განხილვის დასრულებამდე ითხოვდა, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პლენუმის ექვსი მოსამართლე ისევე ჩაეწერება მოღალატეების სიაში, როგორც რუსულ კანონზე ხელმომწერი 84 დეპუტატი "ოცნებიდან".
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ სასამართლომ ვერ შეასრულა თავისი როლი და ახლა სამოქალაქო საზოგადოება რუსული კანონის გასაუქმებლად, სხვა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.