ამ წუთებში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება იწყება. უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან ერთად, შესაძლოა საქართველოზეც იყოს მსჯელობა და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.
საგარეო საქმეთა მინისტრები მოამზადებენ ერთგვარ ჩარჩო დოკუმენტს ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის, რომლებიც დოკუმენტზე უკვე 17- 18 ოქტომბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო ფართომასშტაბიანი ომი, რომელსაც დრამატული შედეგები ექნება ყველა ჩვენგანისთვის. რაც შეეხება ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას, ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის, იმიტომ რომ არის ბევრი სახელმწიფო, რომელიც პირიქით, ისრაელისთვის მეტი იარაღის მიწოდებას ითხოვს." განაცხადა მინისტერიალის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
"შვედეთმა 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა უკრაინას მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ სანქციების დაწესებაზე მათთვის, ვინც ასე თუ ისე უწყობს ხელს რუსეთის აგრესიის გაგრძელებას უკრაინის წინააღმდეგ." აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ შტენერგარდიმ.
ჩვენ ასევე განვიხილავთ მოლდოვასა და საქართველოს, ორ მნიშვნელოვან ქვეყანას, სადაც არჩევნები ახლოვდება. შვედეთის საგარეო მინისტრი, როგორც სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების თავმჯდომარე, კოორდინირებას ახდენს ამასთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ ამის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგაწვდით." აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ბაიბა ბრაჟემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ბორელის პრესკონფერენცია.