"ქართველი ხალხის აქტის" კანონპროექტს 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ სენატში დარეგისტრირებულ "ქართველი ხალხის აქტს" მხარდამჭერები ემატებიან.

ჯინ შაჰინის ოფისის ცნობით, კანონპროექტს კიდევ 10 სენატორი უჭერს მხარს, ესენი არიან: ტომ ტილისი; მიტ რომნი; ჯეფ მერკლი; ჯონ კორნინი; კრის მერფი; დენ სალივანი; ანგუს კინგი; ტოდ იანგი; შელდონ უაითჰაუსი და ჯორჯ ჰელმი. 

"მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები სენატში იაზრებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას და დათანხმდნენ, რომ გახდნენ შეერთებული შტატების სენატში რეგისტრირებული კანონის - "ქართველი ხალხის აქტის" თანამონაწილეები. ჩვენ ერთად ვგზავნით მკაფიო სიგნალს იმაზე, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის ორპარტიული მხარდაჭერა და საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერა, ასევე, უცვლელი რჩევა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს", - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი. 

"ეს კანონპროექტი კონგრესისგან ძლიერ მესიჯს გზავნის, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით ერთიანია, რადგან ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თავიანთ მომავალს ეძებენ... ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ და მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს მათ შესაძლებლობას ამის მისაღწევად", - აცხადებს სენატორი ჯიმ რიში. 

"საქართველოს მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარება და ევროატლანტიკური მომავლისგან მოშორება შემაშფოთებელია... მე ვამაყობ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა დავაკისრო და ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დავადასტურო", - აცხადებს სენატორი ტილისი.

"საქართველოს მთავრობის რუსეთის ავტორიტარული რეჟიმისკენ გადახრა და ევროპელი პარტნიორებისგან დაშორება საგანგაშოა... ეს კანონპროექტი დააკისრებს საქართველოს კორუმპირებულ ლიდერებს პასუხისმგებლობას და მიანიშნებს ქართველ ხალხს, რომ აშშ ევროატლანტიკური მომავლის ძებნაში მათ გვერდით დგას", - აცხადებს სენატორი კორნინი. 

"რუსეთის მიერ კორუფციის, პროპაგანდისა და ძალადობის გამოყენება საფრთხეს მხოლოდ საქართველოს, როგორც ძლიერ, დამოუკიდებელ ქვეყანას კი არ უქმნის, ის კოლაფსის საფრთხის წინაშე აყენებს მთელ საერთაშორისო წესრიგს. როდესაც პუტინი და მისი ახლობლები ცდილობენ შეარყიონ საქართველოს დემოკრატია და დააწესონ მთავრობა, რომელიც მათ თხოვნას შეასრულებს, ეს ორპარტიული კანონპროექტი ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას და მომავალს ევროპაში", - აცხადებს სენატორი მერფი. 

 

"მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა აჩვენა დემოკრატიული მომავლის აბსოლუტური მხარდაჭერა, მათი მთავრობა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის გავლენის ქვეშ - მან ბოლოს მიიღო კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. ჩვენი კანონპროქტი აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციისთვის და აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას ქართველი ხალხის ბრძოლაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის", - აცხადებს სენატორი რომნი.

"თავისუფალი, უსაფრთხო, სუვერენული საქართველო, რომელიც შეესაბამება აშშ-სა და მის მოკავშირეებს, როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია. საქართველოს აშკარა გადაადგილება რუსეთის ორბიტაში რეგიონის სტაბილურობისთვისაც ცუდია. ეს თავად ქართველ ხალხზე უკეთ არავის ესმის. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ქართველების 90%-ს სურს, რომ მათი ერი იყოს დასავლური, თავისუფალი სამყაროს ნაწილი და არა რუსული სამყარო", - აცხადებს სენატორი სალივანი. 

"აშშ ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვის გვერდით დგას. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი მცდელობები რუსეთთან მისადგომად, ქართველი ხალხის სურვილს უარყოფს და მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობას აკისრებს კორუფციისთვის და გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - განაცხადა სენატორი იანგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი