ოპოზიციის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალებას მხოლოდ "ოცნების" მხარდამჭერებს აძლევენ და პროცესს ენგურჰესის დირექტორი ხელმძღვანელობს

გამოქვეყნდა:


ოპოზიციისთვის ცნობილი ხდება, რომ ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალებას შერჩევითად აძლევენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რაც ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან და "ოცნების" ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეთანხმებით ხდება.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლის ცნობით, ამ პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია ხელმძღვანელობს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლებას მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აძლევს.

"მებონია, რომელიც არის ჰესის ხელმძღვანელი და ამავდროულად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ხელმძღვანელობს უშუალოდ. ანუ, ის აძლევს შესაძლებლობას "ქართული ოცნების" მომხრეებს აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდნენ. დანარჩენებს არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა"  ამბობს "კოალიცია ცვილებისთვის" წევრი.

იგივე ინფორმაცია აქვს წალენჯიხის მერის მოადგილეს, თამარ ბელქანიასაც:

"ენგურჰესის ხელმძღვანელი, რომელიც არის წალენჯიხის საკრებულოში "ოცნების" კვოტით საკრებულოს წევრი, ბატონი მებონია აორგანიზებს და გამშვები პუნქტიდან გადმოჰყავს ენგურჰესის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც გარანტირებულად მისცემენ ხმას "ქართულ ოცნებას". ასევე, მოიძიეს ის ადამიანები, რომლებსაც ფულისა და სხვა დაპირებების ფონზე ჩამოართვეს პირობა, რომ ისინი "ქართულ ოცნებას" მისცემენ ხმას", - ამბობს ბელქანია.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით ჩაიკეტა. რაც შეეხება მებონიას. მასთან დაკავშირებით მსგავსი ბრალდებები რამდენიმე კვირის წინაც გაჟღერდა, თუმცა მან ყველაფერი კატეგორიულად უარყო. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი