"ოცნების" ხელისუფლება აჭარაში კორონა პანდემიას ვეღარ უმკლავდება და ბოლო რესურსის სახით, შეზღუდვებს და რეგულაციებს აწესებს.
ბათუმში ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს - გუშინ covid19 165 პაციენტს, უკვე დღეს კი, 164-ს დაუდასტურდა.
დღის ბოლოს კი, აჭარაში კიდევ ერთი რიგით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით რეგიონში შეზღუდვები დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვასა და სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.
ამირან გამყრელიძე სისტემის ხარვეზებს აღიარებს, პოტენციურ ინფიცირებულებს ტესტის პასუხები დაგვიანებით მისდით.
წითელ ზონაში, ინფექციის აფეთქების პარალელურად გადაიტვირთა კოვიდმიმღები საავადმყოფოები. კლინიკებში საწოლებისა და მედპერსონალის სიმცირის გამო ინფიცირებულები საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავთ, სადაც არც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ვერც სათანადო მკურნალობას გადიან.
ჯანდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აჭარაში ვითარებას მართავენ, თუმცა ამბობენ, რომ საავადმყოფოებში მხოლოდ ასი - საკარანტინე სივრცეებში კი 200-მდე ცარიელი საწოლია, ასევე საჭირო ხდება თბილისიდან მედიკოსების დახმარება.