სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “მთავარი არხის” კახეთის ბიუროს ჟურნალისტი, ია გულიაშვილი გამოკითხეს. გულიაშვილი კაციტაძის უწყებაში მედიაომბუდსმენის მიერ გაგზავნილ ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ჩვენს გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებით ორი ეპიზოდი განიხილება. ერთი, 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, როდესაც თელავის მუნიციპალიტეტის ქვემო ხოდაშენის მეთექვსმეტე საარჩევნო უბანზე სუს-ის მიერ მართული პირები დაესხნენ თავს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და კამერა გასტაცეს.
მეორე კი წინა დღეს, გურჯაანში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა სიუჟეტის მომზადებისას ქართული ოცნების ზონდერმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც შეეცადა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.