ეშინიათ, ამიტომ ყველა სარჩელს დააწერენ ერთ მოსამართლეს რომელიც უზით ჯიბეში | ჯაფარიძე საარჩევნო დავების გაერთიანებაზე

გამოქვეყნდა:

ეშინიათ, ამიტომ ყველა სარჩელს დააწერენ ერთ მოსამართლეს, რომ გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ აწყობთ - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა და საიას სარჩელების გაერთიანებასა და დღევანდელი პროცესის ხვალისთვის გადადებას გამოეხმაურა.

"რასაც ვხედავთ ეს არის პანიკა. დღეს სამ საათზე სხდომა უნდა ყოფილიყო. ჩვენ აქცია გვქონდა ორზე დაგეგმილი. სპორტის სასახლიდან მსვლელობა უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ჩაინიშნა, გადმოვწიეთ და ვთქვით, რომ მოდი ბარემ სააპელაციოში შევიკრიბოთ და როგორც კი დავაანონსეთ, 15 წუთიც არ იყო გასული რომ გავიგეთ რომ გადადეს სხდომა და ახლა გავიგეთ, რომ გააერთიანეს ყველა საჩივარი სააპელაციოში და ხვალ იქნება 14:00 საათზე სხდომა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამას აკეთებენ, არის ის რომ აღარ გაექცეთ, ანუ სხვადასხვა მოსამართლეს რომ დააწერონ, ეშინიათ, რომ სადღაც კიდე შეიძლება აუფეთქდეთ და ამიტომ ყველას დააწერენ ერთს რომელიც უზით ჯიბეში, რომ გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, ყველა საქმეზე ერთად, რომელიც მათ აწყობთ," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დავების განხილვა ხვალისთვის მას შემდეგ გადადო, რაც ოპოზიციამ აქცია სასამართლოს შენობასთან გადაიტანა. "საიას" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, სარჩელები გაერთიანდა და სხდომა ხვალ, 14 საათზე გაიმართება. სარჩელების გაერთიანებას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ამბობს, რომ მიზეზი თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის პრეცედენტული გადაწყვეტილება გახდა.

გუშინ, მოსამართლე  ვლადიმერ ხუჭუამ  ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი