მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ "ქართული ოცნების" ოფისში დიდი გარჩევა დაიწყო. ვინ გაბედა ბიძინა ივანიშვილის ჩუმად ჩაწერა, ეს იყო მთავარი კითხვა, რომელსაც ოლიგარქის გუნდის წევრები ერთმანეთს უსვამდნენ. "მთავარი არხის" მიერ მოპოვებული მასალა, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის ჩაწერილი. იკვეთება, რომ ამ ჩანაწერის ფიგურანტები - კობახიძე, თალაკვაძე და ლაშა ნაცვლიშვილი არჩევნების თემის დასალაგებლად კონსპირაციულ შეხვედრაზე მიდიან და სწორედ ამ შეხვედრაზე მიმავალს ურეკავს მათ ბიძინა ივანიშვილი. იმ დროს "ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერისა და უმრავლესობის ლიდერისგან კატეგორიულად ითხოვს სახიფათო უბნები დროულად გადამოწმდეს და ხელახალი არჩევნების საფრთხესაც არ გამორიცხავს.
რა გარჩევები მიმდინარეობდა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" მთელი ღამის განმავლობაში, უცნობია, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დიალოგის არსებობა საერთოდ უარყონ. მამუკა მდინარაძემ პარტიის პოზიციის გასამყარებლად არგუმენტად ჩანაწერში არსებული ტერმინოლოგიები მოიყვანა და ამტკიცებდა, რომ ლაშა ნაცვლიშვილს მსგავსი სიტყვებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს გაუბედავს.
ვიდრე "მთავარ არხთან" მსგავსი არგუმენტებით თავის მართლებას მამუკა მდინარაძე შეეცდებოდა, ვეცადეთ გასაუბრება ჩანაწერის ფიგურანტებთან. ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ჩვენს შეტყობინებას პასუხი არ გასცეს, ლაშა ნაცვიშვილმა კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მოგვწერა და ჩანაწერს აბსურდი უწოდა, დამატებით კითხვებს კი აღარ უპასუხა.
პარალელურად, "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ივანიშვილის მიერ ნახსენები გოგა - გიორგი ჯავახიშვილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, რომელიც 2020-შიც და ახლაც საარჩევნო ადმინისტრაციის რუხი კარდინალია. არსებული ინფორმაციით, სწორედ ის არის მთავარი საკონტაქტო პირი სუს-თან და ხელისუფლებასთან. რა საარჩევნო სქემებს ალაგებდნენ ცესკოს მაღალჩინოსანი და ოლიგარქი არჩევნების შემდეგ - ვცდილობდით პასუხების მოსმენას პირადად ჯავახიშვილისგან, თუმცა უშედეგოდ. ცესკო კი უარყოფს, რომ ჩანაწერში ნახსენები გოგა - გიორგი ჯავახიშვილია. ჩავხედეთ ჯავახიშვილის დეკლარაციას - ირკვევა, რომ ცესკოს მდივნის შემოსავალი და ქონება სწორედ 2019, 2020, 2021 წლებში გაიზარდა, კითხვა ბევრია, ჯავახიშვილი კი პასუხებს თავს არიდებს.