"სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული" | ქურდოვანიძე სააპელაციოზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა, ხოლო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

ქურდოვანიძის თქმით, სასამართლომ დარბაზში მყოფ ხალხს გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არ განუმარტა. მისივე თქმით ქუთაისისა და თბილისის სასამართლოები კოორდინაციაში მუშაობდნენ. 

"სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და 2 სიტყვა მაინც ეთქვა, რატომ აუქმებდა, მათ შორის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და რატომ არ აკმაყოფილებდა ჩვენს საჩივრებს. მათ არაფერი არ თქვეს, მათ უბრალოდ პროცედურული ნორმები დაასახელეს და თქვეს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დაკმაყოფილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს ის რაც აქ მოხდა. პირიქით ჩვენ გაგვიკვირდა ის, რომ ამ სისტემაში აღმოჩნდა ერთი მოსამართლე, რომელმაც გაბედა და ამ საქმეს დაარქვა თავისი სახელი.

რაც მოხდა აპელაციაში ეს იყო სრულიად მოსალოდნელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუშინ იგრძნობოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს ქუთაისში და თბილისში ჰქონდათ, გარკვეულწილად ჩვენი ვარაუდით, კოორდინაცია. იმიტომ რომ ქუთაისში ძალიან ყოვნდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ამ საქმის გადაწყვეტილების გამოცხადება პარალელურად. ერთი 24 საათის განმავლობაში აქ ხდებოდა, ეს არ იყო რა თქმა უნდა სასამართლო, ეს არ იყო მართლმსაჯულება, ამას არაფერი არ აქვს სამართალთან," - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. 

ქურდოვანიძე აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული.

"დასრულდა ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამო საიას საქმეების განხილვა. 29 ოქტომბერს, საიამ ყველა ოლქის (73 ოლქი) წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის გამო და მოითხოვა ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასეთია 2263 უბანი. ჩვენმა საქმემ მოიარა საქართველოში არსებული ყველა საქალაქო/რაიონული სასამართლო. ასეთი სულ 24 სასამართლოა და ორივე სააპელაციო სასამართლო. 
სააპელაციო სასამართლოებმა გამოიტანეს საბოლოო გადაწყვეტილებები. სასამართლოებმა თქვეს, რომ ის, რაც საკუთარი გამოცდილებით იცის დაახლოებით 2 000 000-მა მოქალაქემ, სინამდვილეში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტების მეორე მხარეს რჩებოდა მარკერის კვალი (რაც არ უნდა დარჩენილიყო), ამომრჩეველი სათანადოდ მოხერხებული რომ ყოფილიყო, შეძლებდა ბიულეტენის მეორე მხარეს დატოვებული კვალი დაეფარა. 
მიუხედავად ამგვარი გადაწყვეტილებისა, ამ საქმის სხვა შედეგები აქვს:
ყველამ დანამდვილებით იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების იმგვარი ადმინისტრირება, რომ ხმის ფარულობის უფლება დაცული ყოფილიყო. დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომავალი არჩევნები ასეთი ბიულეტენითა და ხმის მიცემის პროცედურით ვეღარ ჩატარდება
ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული. ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა
ამ საქმემ ასევე დაგვანახა, რომ სისტემა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ კონტროლის მასშტაბების მიუხეადავად, არ გამოჩნდებიან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მსგავსი მოქალაქეები, რომლებიც გაბედული გადაწყვეტილებებით დაუპირისპირდებიან მას.
ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს:
იყო თუ არა ამ სტრატეგიით დავა გამართლებული? 
რა მიიღო ამომრჩეველმა ამით? 
დაუბრუნა ამომრჩველს საარჩევნო უფლება?
რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ამ საქმეს?
დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცავდით ამომრჩევლის 90%-ის ინტერესებს, რომლის ხმის ფარულობის უფლება დაირღვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე დავა იყო ჩვენი ვალდებულება. ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება. 
აქვე მინდა საიას გუნდს საჯაროდაც ვუთხრა მადლობა. სხვადასხვა ფორმით ამ საქმეში  ჩართული  იყო საიას ყველა თანამშრომელი," - წერს ქურდოვანიძე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი