საარჩევნო დავები და მოსამართლეების გადაწყვეტილებები | სისტემის მცველები განსხვავებული აზრის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

დიმიტრი გვრიტიშვილს წარდგენა არ სჭირდება. ის იმ სასამართლო კლანის წევრია, რომელიც ითვლება, რომ მთელ სისტემას აკონტროლებს. გასაკვირი არ არის, რომ საარჩევნო დავების დროს „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ დასაყრდენად სწორედ ის აირჩია და ფსონებიც მის კეთილსინდისიერებაზე დადო. რეჟიმის მორჩილი გვრიტიშვილი მოსამართლეთა კოლეგიაში ჩასვეს. ორგანიზაციების იურისტების პირველი შუამდგომლობა სწორედ გვრიტიშვილის აცილება იყო.

გვრიტიშვილი რომ მიუკერძოებელი ყოფილიყო, საქმის აცილებას თავად მოითხოვდა - ეს პოზიცია მოსარჩელე მხარემ რამდენჯერმე გააჟღერა. სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წევრებს პირდაპირ მოუწიათ მოსამართლისთვის იმის შეხსენება, რომ ყველა მთავრობას ერგებოდა და ყოველთვის იმის მორჩილი იყო, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა. 

იურისტების შუამდგომლობა გვრიტიშვილის აცილებაზე არ დაკმაყოფილდა. მოსამართლეს საკუთარი სუბიექტური პოზიციაც წამოსცდა როდესაც თქვა, რომ თითქოს, თეთრიწყაროს რაიონულმა მოსამართლემ იურისტების სასურველი გადაწყვეტილება მიიღო.

22-საათიანი პროცესის მიმდინარეობა აჩვენებდა, რომ მოსამართლეების ერთადერთი მიზანი თეთრიწყაროს რაიონული გადაწყვეტილების გაუქმება იყო. ამას ადასტურებს ვლადიმერ ხუჭუას მიერ სასამართლო დარბაზში ჩატარებული ექსპერიმენტის ყალბი გადამოწმება, რომელიც თავდაპირველად ცესკოს სპეციალისტებს მიანდეს და თავად მანტიამოსხმულები პიედესტალიდან აკვირდებოდნენ.

ამ გაუგებარი ექსპერიმენტის შემდეგ მოსამართლე ხუჭუასა და მისი ცოლის ელზა გურგენიძის დისკრედიტაციის ჯერი დადგა. ამოცანა იყო, რომ ემტკიცებინათ, თითქოს, ხუჭუას გადაწყვეტილებაზე გავლენა მისმა ცოლმა იქონია. ცესკომ მტკიცებულებად ფეისბუქ-სქრინები და "პოსტივის" ქარდები წარადგინა.

რა ვერ აპატია „ქართულმა ოცნებამ“ ეკა გურგენიძეს? - მარგარიტა სიმონიანის კრიტიკა. ცესკოს მტკიცებულებებში სწორედ ის სქრინებია, სადაც მოსამართლის ცოლი ელზა გურგენიძე კრემლის პროპაგანდისტს აკრიტიკებს. სიმონიანი ხომ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოლიგარქის გუნდს გაყალბებული არჩევნების შედეგები მიულოცა.

თბილისსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრები უბნების ბათილად გამოცხადებაზე პარალელურად მიმდინარეობდა. ამ დროს სისტემის ინტერესებს ორი სირაძე - ვაჟა და შოთა სინქრონულად იცავდა. საპატრულო პოლიციის უფროსი პერიმეტრს გარეთ, ხოლო მისი მამა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. შოთა სირაძემ ცესკოს წევრების აღიარების შემდეგ თავადაც მოუწია იმის დადასტურება, რომ ბიულეტენებზე მელანი ჟონავდა.

ფარულობის პრინციპის დარღვევა რომ არ უნდა დაედგინა სირაძემ კარგად იცოდა, ამიტომ არჩია მიენიშნებინა, რომ ამომრჩეველმა ინსტრუქცია ვერ შეასრულა.

თეთრიწყაროს ექსპერიმენტის გამეორება შოთა სირაძემ ვერც კი გაბედა. ამიტომ საქმეს პირდაპირ დაურთო ის ვიდეო, რომელიც ცესკომ წინა დღეს ჩაუწერა და მიუტანა.

"სიმართლე სინათლეა" - ასე გამოეხმაურა მოსამართლე მამუკა წიკლაური ვლადიმერ ხუჭუას პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა იციან, რომ დიდი გამბედაობის ფონზე ერთმა მოსამართლემ ოლიგარქის გუნდს ნიღაბი ჩამოხსნა. ვლადიმერ ხუჭუამაც იცის, რომ იმ გარდამავალ წამს საკუთარ თავთან რომ დარჩება სინდისის წინაშე მართალია. სხვა მოსამართლეების სინდისზე კი ყველაზე კარგად მათი გადაწყვეტილებები მეტყველებს.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი