გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმის ფიგურანტი, დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ საკუთარ დაკავებასაც არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს მითითება იყო, რომ მასაც დაიჭერენ.
ეს არის პირდაპირ მინიშნება, რომ ბატონი დავითის რომელიც მიემგზავნებოდა აშშ-ში და იქიდან აპირებდა არათუ ბევრი სატელიტიდან დამატებითი სურათის ჩამოტანას რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ 18-დან 22-ამდე ადგილზე ავტომობილი არ იდგა, პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე, ბევრი დამატებითი ინფორმაციის და ექსპერტიზის დასკვნის ჩამოტანას. ეს არის მითითება, რომ სადაც დააკავეს ბატონი დავითი, დამაკავებენ მეც, იმიტომ, რომ მე გავასაჯაროვე, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
რამიშვილის განცხადებით, გამოძიება ცდილობს როგორმე ბაჩალიაშვილის საქმე ჩაფარცხოს და მკვლელებს ხელი დააფაროს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფურცხვანიძე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დღეს, 25 სექტემბერს დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ფურცხვანიძემ ე.წ. სატელიტის ფოტოების დამუშავება გაყალბების მიზნით საკუთარ შვილს სთხოვა, უკვე ფალსიფიცირებული სურათები კი ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს გაუგზავნა.
პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთა მათ მიმართ შესაბამისი მოქმედებები განხორციელდება.
ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის "შორს შეტოპვის" გამო მოიშორეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.