ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს, იურისტი სანდრო ბარამიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ საარჩევნო კოდექსის მუხლი, რომელიც ცესკომ ამის დასამტკიცებლად მიუთითა მსგავს შემთხვევასთან არაფერ კავშირშია.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მათი უფლებამოსილების მაინც ცნობა იქნება ძალადობა კონსტიტუციაზე, კანონზე და ამ ხალხის თავისუფალ ნებაზე.
"საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს"-ო გვარწმუნებს ცესკო და უთითებს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლზე. "ქართული ოცნების" ნებისმიერი ბრძანების ბრმად შემსრულებელი ორგანოსგან კანონის სხვაგვარ განმარტებას არც შეიძლება ველოდეთ. არც მასთან კამათს აქვს რაიმე აზრი.
მაგრამ საქართველოს ამომრჩევლებისა და ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის ვიტყვი, რომ 120-ე მუხლი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია. სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაცია გააუქმეო ამ წუთში ამას არ ეუბნებიან ცესკოს.
საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად: "არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ."
რამდენადაც მესმის, სწორედ ამ მუხლით ხელმძღვანელობენ ის პარტიები, რომელთა წევრებმაც დღეს უკვე თქვეს უარი არჩეულ წევრებად რეგისტრაციაზე. სხვა სიტყვებით, ცესკოს ეხლავე ეუბნებიან, მასობრივად გაყალბებული არჩევნების "საბოლოო შედეგებს" რომ გამოაცხადებ, აი იქიდან 2 დღის ვადაში “A”-ს, “B”-ს, “C”-ს და სხვებს, ვინც ცესკოს შესაბამისი წერილობითი განცხადებით მოგმართავთ, პარლამენტის არჩეულ წევრებად (არა კანდიდატებად, არამედ არჩეულ წევრებად) რეგისტრაციაში ნუ გაგვატარებ და ნურც “დროებით მოწმობას’ მოგვცემ, რადგან არ გვინდა გაყალბებული არჩევნების შედეგად ფორმირებული ე.წ. პარლამენტის წევრები ვიყოთო.
ცხადია, ვიცი, რომ ცესკო მაინც გაატარებს ამ ხალხს რეგისტრაციაში პარლამენტის არჩეულ წევრებად. მაგრამ ეს კიდევ ერთი ძალადობის აქტი იქნება, როგორც კონსტიტუციასა და კანონზე, ისე ადამიანის თავისუფალ ნებაზე.
მეტსაც გეტყვით, როცა უკანონო პარლამენტი უკანონოდ შეიკრიბება (ამის თაობაზე რამდენიმე დღით ადრე ვწერდი) და დღის წესრიგში მისი ე.წ. წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი, დიდი ალბათობით, პარლამენტსაც მიმართავს განცხადებით, რომ არ ცნოს მათი უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ მათი უფლებამოსილების მაინც ცნობა ასევე იქნება ძალადობა კონსტიტუციაზე, კანონზე და ამ ხალხის თავისუფალ ნებაზე.
ეს არის ჩემი, როგორც იურისტის მოსაზრება წმინდა იურიდიულ საკითხზე. ასეთივე ხასიათისაა ჩემი სხვა პოსტებიც," - წერს სანდრო ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "კოალიციამ ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ყველა და "ძლიერი საქართველოსთვის" ზოგიერთმა წევრმა საგანგებო განცხადება გააკეთეს, საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და ცესკოს მიმართეს, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობა არ გასცეს. დღის ბოლოს ცესკომ მოკლე ვიდეო-კომენტარი გაავრცელა. საარჩევნო ადმინისტრაცია უარზეა პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სიები ჩახსნას. ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ.