არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურის წინააღმდეგ - მესამე სექტორის წარმომადგენლები საგამოძიებო უწყებას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების საქმიანობაში უხეში ჩარევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
სპეციალურ განცხადებას 7 ორგანიზაცია აწერს ხელს - მათი შეფასებით მტკიცებულებათა ფალსიფიციცირების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ადვოკატების გამოკითხვა და პირადი ნივთების ამოღება შესაძლებელია ოჯახის პოზიციაზე გავლენის მოხდენის მცდელობად ჩაითვალოს.
ადვოკატების დაბარება მაგისტრი მოსამართლის წინაშე და მობილურების ჩამორთმევა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქმნის სახიფათო პრეცენდენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადვოკატების დამოუკიდებლობას, წარმოადგენს მათ საქმიანობაში ჩარევას, შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯით პროკურატურა გადის სამართლებრივი სივრციდან, - ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, უჩა ნანუაშვილი.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, პროკურატურის ქმედება ადვოკატის საქმიანობაში ჩარევაა და ამას შესაძლოა "მსუსხავი ეფექტი" ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დღეს, 25 სექტემბერს დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ფურცხვანიძემ ე.წ. სატელიტის ფოტოების დამუშავება გაყალბების მიზნით საკუთარ შვილს სთხოვა, უკვე ფალსიფიცირებული სურათები კი ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს გაუგზავნა.
პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთა მათ მიმართ შესაბამისი მოქმედებები განხორციელდება.
ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის "შორს შეტოპვის" გამო მოიშორეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.