აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სპეცოპერაცია წალენჯიხაში?-გატაცებული ბიზნესმენი, რომელსაც მუჟავაში მალავდნენ 

გამოქვეყნდა:

სოფელი მუჟავა წალენჯიხის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან ბოლო დასახლებული პუნქტია. "მთავარის" ინფორმაციით სწორედ იქ არის მიტოვებული სახლი, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებულ ბიზნესმენს, ქართველი პოლიციელების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ მალავდნენ.   

თითქმის 20 დღიანი მძევლობის შემდეგ ჯემალ სოსელია გაათავისუფლეს, თუმცა ვინ და როგორ უცნობია.  ქართველი პოლიციელები რომლებიც ადგილზე მორიგეობენ ამ საქმეზე არ საუბრობენ. 

შსს-ს პრესცენტრში ამბობენ რომ ბიზნესმენის გატაცების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მეტი ინფორმაციისთვის კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვამისამართებენ. 

სუს-ში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბიზნესმენის გატაცებისა და მისი საქართველოს კონტროლირებად სოფელში გადმოყვანის ფაქტს საერთოდ არ ადასტურებენ და ამბობენ რომ ამის შესახებ ინფორმაცია ცხელ ხაზზე არ მიუღიათ. 

ვიდრე სუს-ი შეტყობინებას ელოდება, გატაცებული და გათავისუფლებული ბიზნესმენი ჩვენებას უკვე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის გამომძიებლებს აძლევს.  

საქართველოს უსაფრთხოების დამცველებს კი პასუხი არც იმაზე აქვთ როგორ გადმოიყვანეს ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული ბიზნესმენი სოფელ მუჟავამდე ისე რომ სამართალდამცავებმა ვერაფერი გაიგეს. 

ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს რომ ტყვარჩელში გატაცებული ბიზნესმენი 23 სექტემბერს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გათავისუფლდა. 

ერთ-ერთი ვერსიით გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გამტაცებლებმა მას ხელ-ფეხი გაუხსნეს და გაუშვეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ისევ იმ ბილიკებით დაბრუნდა რომლითაც სოფელ მუჟავამდე მიიყვანეს. 

გატაცებული ბიზნესმენის ოჯახის ნათესავი ინტერვიუზე მხოლოდ კონფიდენციალობის დაცვით დაგვთანხმდა. ის ადასტურებს რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს გამტაცებლები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მალავდნენ, ასევე ამტკიცებს რომ ჯემალ სოსელია მუჟავას სამალავიდან გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაუშვეს. 

თანხის გადახდის ფაქტს ჯემალ სოსელიას მეუღლე არ ადასტურებს. ანჟელა სოსელია ამბობს რომ არ იცის ვინ და რის სანაცვლოდ გაათავისუფლა მისი მეუღლე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი