"26 ოქტომბერს იყო გაყალბების ფესტივალი... როდესაც ავტორიტარული რეჟიმი აკონტროლებს ყველას, ასეთ ქვეყანაში შეუძლებელია მთავრობის თავისუფლად შეცვლა" | ნიკა გვარამიამ, სტრასბურგში, ევროპარლამენტარებს საარჩევნო დარღვევები გააცნო

გამოქვეყნდა:

"26 ოქტომბერს იყო გაყალბების ფესტივალი... როდესაც ავტორიტარული რეჟიმი აკონტროლებს ყველას, ასეთ ქვეყანაში შეუძლებელია მთავრობის თავისუფლად შეცვლა", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბრობს.

მადლობა [ჩემი] აქ მოწვევისა და ჩვენი სამშობლოს მიმართ ინტერესის გამოჩენისთვის. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და ჩვენ მივიწევთ ჩვენთვის ახლობელი ცივილიზაციისკენ, რაშიც ხელს გვიშლის რუსი ოლიგარქი. საქართველოში არის ოლიგარქია, რაც იგივეა, რაც ავტორიტარიზმი. ახლა ახალი ტერმინი გაჩნდა - ჰიბრიდული დემოკრატია, რაც მე არ მომწონს, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს არის არა დემოკრატია, არამედ ავტორიტარიზმი. მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება ბრძოლა სიტუაციის დასტაბილურებისთვის, რადგან როდესაც სტაბილიზაციისკენ მიიწევს, საბოლოო ჯამში არც სტაბილურობა გრჩება და არც დემოკრატია. ამიტომ, უნდა გვქონდეს მხოლოდ ერთი საწყისი წერტილი. ეს არის დემოკრატია დაადამიანის უფლებები.

დღეისათვის საქართველოში არ არის ადამიანის უფლებები, არ გვაქვს არჩევანის უფლება და 26 ოქტომბერს იყო გაყალბების ფესტივალი. ეს არის ჩვენი დროშა და ეს შავი წერტილი ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიამ გამოიყენა ძალიან თხელი ბიულეტენები, რის შედეგადაც ბიულეტენის მეორე მხარეს ჩნდებოდა მელანი და შესაძლებელი იყო კონტროლი, თუ ვის მისცა ხმა ადამიანმა. დამატებით, ხმის დამთვლელ აპარატთან იდგა ვიდეოკამერები, რაც ასევე არღვევდა ფარულობას. როდესაც ავტორიტარული რეჟიმი აკონტროლებს ყველას, მათ შორის საჯარო მოხელეებს, რომელთა უმეტესობა ამ რეჟიმის წინააღმდეგია, იმის გათვალისწინებით, რომ არის პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, როდესაც მეც ვიყავი 400 დღე ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციური არხის დამფუძნებელი ვარ, ასეთ ქვეყანაში შეუძლებელია მთავრობის თავისუფლად შეცვლა.

გარდა ამისა, ჩვენი მოსახლეობის 20% არის ემიგრანტი და მათი მცირე რაოდენობა დარეგისტრირდა ამომრჩევლად, გამნსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რამდენად გადამწყვეტი იყო მოლდოვაში ემიგრანტების როლი, ვხედავთ, რომ ეს არჩევნები არ იყო საყოველთაო. ასევე, გამოყენებული იყო ე.წ. კარუსელი, როდესაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედ ადამიანებს ჰქონდათ ყალბი პირადობის მოწმობები, რომლებითაც რამდენჯერმე აძლევდნენ ხმას სხვა ადამიანების ნაცვლად. ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურების მიერ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრაზე, ნიკა გვარამიამ და თინა ბოკუჩავამ არჩევნების გაყალბების სიმბოლო, შავი წერტილი, გამოფინეს. 

მანამდე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია შეხვდა პეტრას ავსტრევიჩუსს. საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო. როგორც ის ამბობს, ახლა მთავარია არაღიარების გაგრძელებაზე მუშაობა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

სტრასბურგში  პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყო "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემაც. 

ევროპარლამენტში საუბრობენ იმაზე, რომ ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ დღის წესრიგში დგება პერსონალური სანქციების გამკაცრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი