საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესები ხმაურით მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოში ხმაურით მიმდინარეობს. დემონსტრანტებს ნოემბერში გამართული აქციების პერიოდში გზების გადაკეტვას ედავებიან. ერთ-ერთი პროცესიდან გააძევეს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა, რომელსაც შსს შეკრებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევას ედავება.

ლაშა ფარულავამ მოსამართლე ზვიად ცეკვავას შეახსენა, რომ სწორედ ის იყო მოსამართლე, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ ფარულავა დარბაზიდან გააძევეს და წესრიგის დარღვევისთვის 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

"ზვიად ცეკვავა იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელიც ემსახურებოდა "ქართულ ოცნებას", "ქართული ოცნების" ცესკოს და ივანიშვილის რეჟიმს, ეს სიმართლე ვუთხარი და გამაძევა. ქვეყანაში არაა სასამართლო, ქვეყანაში არის რუსული რეჟიმი," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამ დროისთვის სასამართლო პროცესები დასრულებული არაა, წინა დღეებში გამართულ სასამართლო პროცესებზე მოსამართლეებმა პროტესტის მონაწილეები კანონდამრღვევებად ცნეს და 500 ლარიანი ჯარიმები დააკისრეს. პროტესტის მონაწილეების იგივე მოლოდინები აქვთ დღესაც და აცხადებენ, რომ სასამართლო ივანიშვილის რეჟიმის დავალებებს ასრულებს და ამ გზით პროტესტის მუხტის ჩაქრობას ცდილობს, რაც მათი თქმით, თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ გამოუვა.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი