საქალაქო სასამართლოში 28-29 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაკავებული მომიტინგეების ათეულობით სასამართლო პროცესი იმართება. ნაწილი მათგანის პროცესი ადვოკატების შუამდგომლობის შედეგად გადაიდო, დაკავებულების ინტერესების დამცველებმა მტკიცებულებების გასაცნობად გონივრული ვადა ითხოვეს.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოწმეებად კი ძირითადად პოლიციელები არიან წარმოდგენილი.
დაკავებულები აცხადებენ, რომ მათზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც. როგორც მომიტინგეები ამბობენ, მათ დაკავების შემდეგ პოლიციელები მათგან ოქმზე ხელმოწერას მოითხოვდნენ, სადაც აღნიშნული იყო რომ დაზიანებები დაკავებამდე, პარლამენტის კიბეზე დაგორების შედეგად მიიღეს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებული, პოეტი ზვიად რატიანი აცხადებს, მას აღნიშნულ ოქმზე ხელი არ მოუწერია, თუმცა მასთან ერთად დაკავებული პირი იძულებული იყო აღნიშნულს დათანხმებოდა.
"პირველი სკოლისა და პარლამენტის გასწვრივ შემათრიეს ნიღბიანებისა და სპეცრაზმის მაგათ რიგებში როგორც იციან, ქაცარავას კადრი გამახსენდა. მცემეს, რომ მოვიხედე ამ ცემა-ცემით ჭიჭინაძის ბოლოში ვიყავი. ძალიან ბევრი ადამიანი მირტყამდა, სადაც კი გამატარეს. ავტომობილშიც უხეშად ჩამტენეს, მცემა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც მერე განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, თქვა მე საერთოდ არ ვყოფილვარ დაკავებისასო. ალბათ მოწმედაც სხვას მოიყვანენ, დამკავებლად. იქ ყველასგან მოითხოვდნენ, დაეწერათ რომ დაზიანებები მიიღეს დაკავებამდე, კიბეზე დაგორებისას. მე არ მოვაწერე ხელი," - აცხადებს ზვიად რატიანი.
დაკავების გარემოებებზე საუბრობს ყოფილი დიპლომატი ვახტანგ ჩხეიძე. მისი თქმით, მას პოლიციას კორდონის გარღვევას ედავებიან, რასაც ადგილი არ ჰქონია.
"ბრალში წავიკითხე, რომ თურმე პოლიციის კორდონის გარღვევას ვცდილობდი და 9 აპრილის ქუჩაზე შეჭრას. რაც არასწორია და მე არ დავეთანხმე. ჩემი დაკავება მოხდა ინგოროყვას ქუჩაზე. რუსთაველზე ჩასვლა მინდოდა 9 აპრილის ქუჩით და არ გამიშვეს. ნამდვილად მქონდა შეკამათება პატრულთან, მაგრამ გარღვევა და ასეთი რამ სისულელეა. ნამდვილად იყო გარკვეულწილად ძალის გადამეტება, ტანსაცმელი დამეხა, იყო ფიზიკური ზემოქმედება, ხელბორკილები დამადეს ზურგს უკან ძალიან მჭიდროდ და 4 საათის განმავლობაში არ მომხსნეს, რამაც შეშუპება და ჩაქცევები გამოიწვია," - აცხადებს ვახტანგ ჩხეიძე.
ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები არაორგანიზებულად ტარდება და არ მოხდა მათთვის ინფორმაციის მიწოდება პროცესის ჩანიშვნის თაობაზე.
შსს-ს სასამართლო პროცესებზე მტკიცებულებები არ მოუტანია, თუმცა მოყვანილი ჰყავთ ე.წ მოწმე პოლიციელები, რომლებიც თითქოს მათ დაკავებაში მონაწილეობდნენ. მთავარ არხთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს არც შსს-ს იურისტმა და არც ე.წ მოწმე პოლიციელებმა.