ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს დღის წესრიგში არ დააყენებს და ამ გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები ეხმიანებიან.

ანალენა ბერბოკი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი:

"საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას," - წერს ბერბოკი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"ჩვენ, დიპლომატები და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია.

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგა დიპლომატებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი მომავალი EU-სა და NATO-ს ფარგლებშია. ქართველი ხალხის მისწრაფებები, რომელთა 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, არ შეიძლება დაირღვეს.

ჩვენ მთელი გულით მივესალმებით ჩვენი ქართველი კოლეგების გაბედულ ნაბიჯს მათი ხმის გასაგონად.

ჩვენ კვლავ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ კოლეგების უსაფრთხოებაზე და არადისკრიმინაციაზე, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი ან მოაწერენ ხელს პეტიციას. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ქმედებებს განახორციელებს, სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

მოვუწოდებთ დიპლომატებს და სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებს, შეუერთდნენ ჩვენი მამაცი ქართველი კოლეგების სოლიდარობის აქციას," - წერია განცხადებაში. 

მარია სტენერგარდი  - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი:

"შოკისმომგვრელი ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ საქართველოში. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას. ევროკავშირმა გააღო კარი საქართველოსთვის; "ქართულმა ოცნებამ" აირჩია უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე. შვედეთი გააგრძელებს ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას," - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი:

"სცენები საქართველოდან: პოლიციის სისასტიკე, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი პროევროპელი მომიტინგეების გასაჩუმებლად. ქართველების 80%-ს სურს ევროპული მომავალი, თუმცა მმართველი "ქართული ოცნების" მთავრობა მათ პრორუსული უფსკრულისკენ მიათრევს. დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!

საქართველო მაიდანის მომენტში ცხოვრობს: მომიტინგეები სცემეს, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, როცა რეჟიმი ერს რუსეთისკენ მიათრევს. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს გადამწყვეტად - ახლა, სანქციები "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც ღალატობენ თავიანთი ხალხის ევროპულ მომავალს. არავითარი წყალობა ტირანებისთვის!" - წერს კოლსი.

კარლ ბილდტი - საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე:

"წუხელ ძლიერი ძალადობა იყო თბილისში, როდესაც რეჟიმი ცდილობდა ჩაეხშო უზარმაზარი პროტესტი. სად მთავრდება ეს? ჩვენ ვნახავთ კიევის 2014 წლის ან მინსკის 2020 წლის მსგავს რამეს? ეს არის შიდა ბრძოლა გეოპოლიტიკურ მიმართულებაზე. უზარმაზარი ფსონები," - წერს ბილდტი. 

 

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც ასახავს მისი ხალხის მისწრაფებებს. ჩვენ ერთად ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს," - წერია განცხადებაში. 

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"როგორც ევროკავშირის წევრი, რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს მათ ლეგიტიმურ ბრძოლაში ღირსების, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ჩვენი სოლიდარობა ასევე მიემართება ქართველ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად გამოვიდნენ," - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი