სასამართლომ სამართლიანი არჩევნების უფროს მკვლევარს, შოთა ნარსიას, რომელიც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიან პროტესტში, 2 800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ISFED-ის ცნობით, ნარსია 1-ელ დეკემბერს, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს.
"პოლიციის მიერ სავარაუდოდ, გაზის გამოყენების შემდეგ, იგი ქუჩაზე იდგა, რა დროსაც მას სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ. კერძოდ, უკნიდან კეფაში ჩაარტყეს, რა დროსაც ის წაიქცა. როდესაც იგი წამოდგომას ცდილობდა, მას კვლავ ჩაარტყეს ფეხი და მიწაზე საკმაოდ დიდ მანძილზე ათრიეს. გაქცევის მცდელობის დროს გაეკიდნენ, მიიმწყვდიეს კედელთან და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები მიაყენეს თირკმლის და ხერხემლის მიდამოებში. მას შემდეგ რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ნათლად ჩანს.
ადვოკატთან საუბრის დროს, შოთა ნარსიამ აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი. ამჟამად იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც", - ამბობენ ISFED-ში.