ალეკო ელისაშვილი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, პროკურატურა მას ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას ედავება, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 2 დეკემბერს საპროტესტო გამოსვლების დროს "ქართული ოცნების" წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე დააკავეს, გუშინ კი დუშეთის იზოლატორიდან კლინიკა "ვივამედში" გადმოიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მიზეზი დაკავებისას და მას შემდეგ მიყენებული ფიზიკური დაზიანებები გახდა. გამოკვლევების შემდეგ ის კვლავ დუშეთის იზოლატორში დააბრუნეს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი დღეს დღის პირველ ნახევარში გაიმართება. ელისაშვილიც და მისი ინტერესების დამცველიც, თავდასხმასა და პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას უარყოფენ. ელისაშვილის ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნული არ წარმოადგენს მსგავსი მძიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
"მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ ეს არის ალეკო ელისაშვილი. ერთი ამბობს, რომ იყო შენობაში და ხმაურზე გამოვიდა, მეორე ამბობს, რომ ყურსასმენები ეკეთა. ერთადერთი თავისი მეგობარი ჰყავს მოწმედ, ირანელი, რომელმაც ქართული არ იცის და ალეკო ელისაშვილის მხრიდან გაიგო მხოლოდ გინება, მარტო გინება იცის სავარაუდოდ ქართული. არანაირი მტკიცებულება არ მიუთითებს ალეკო ელისაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. მითუმეტეს 156-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს იყო სპეცოპერაცია, რომ დაეშინებინათ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები." - აცხადებს ელისაშვილის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.