ივანიშვილის სასამართლომ მსოფლიო ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანთან იმ დროს დააკავეს, როცა ქაორთიარდ მერიოტში ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილი, მათი შეკრების პარალელურად, სასტუმროსთან მობილიზებული იყვნენ ნიღბიანი ძალოვნები. ადგილზე მყოფი პირების თქმით, ივანიშვილის რეჟიმს ადგილზე პროვოკაციებისთვის მობილიზებული ჰყავდა "ტიტუშკებიც". ზურაბ დათუნაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოვედით შეხვედრიდან, დაგვახვედრეს ტიტუშკები და არანაირი ფორმა არ ეცვა, მომვარდა, დაეცა თვითონ და მეც წამიყოლა. ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. მანქანაშიც ძალადობდნენ, მერე ერთ-ერთმა მიცნო და მაგის მერე შეწყვიტეს ძალადობა. სამწუხაროა ზუსტად ეგ, საკანში რომ შევედი იქ იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართველი ბიჭი, რომელიც ვერ იცნეს და სამწუხაროდ ძალიან იყო ნაცემი," - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.