რუსული რეჟიმის გაგრძელება სასამართლო ხელისუფლებაში. მოსამართლეები აჯარიმებენ და ან წლობით პატიმრობისთვის იმეტებენ ადამიანებს, რომლებიც ხმამაღლა აკრიტიკებენ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. დღეს, "დაფიონის" წევრებს მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება რეჟიმი მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდები სამშობლოს იცავენ. დღეს, მსახიობებსა და ჟურნალისტებს აპატიმრებს არალეგიტიმური ხელისუფლება იმისთვის, რომ ხალხი დააშინოს.
ეს მიზანი ჰქონდა სწორედ ნიკა გვარამიას საჩვენებელ ცემასა და დაკავებას.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ არ ისურვა სასამართლოზე ეხილა, როგორ უსწორდებოდა ათობით სპეცრაზმელი ზვიად რატიანს. ენდო ერთადერთ პოლიციელს, რომელმაც თქვა, რომ პოეტი წვრილმანად ხულიგნობდა და შავრაზმელებს წინააღმდეგობას უწევდა.
ზვიად რატიანი, რომელსაც თავსა და მთელ სხეულზე სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილობები აღენიშნებოდა, გატეხილი ჰქონდა ცხვირის ძვალი და ძგიდე, და მოტეხილი ჰქონდა მეხუთე მალა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საავადმყოფოს ნაცვლად 8 დღიან პატიმრობაში გაუშვა.
ზვიად რატიანი იმ დღეს ერთადერთი არ ყოფილა, ვინც შავრაზმელების რეპრესიების გამოვლის შემდეგ, სასამართლომ იზოლატორში, თავ-პირ დასისხლიანებული გააწესა.
არც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მოისმინა და გაითვალისწინა სამართლებრივი ან მორალური არგუმენტები, რომელიც ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატებმა პროცესზე წარადგინეს
ობიექტური წარმოდგენის შექმნა, თუ რა პირობებში მოხდა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის დაკავება მოსამართლეს ფორმალურადაც არ უცდია, ამიტომ მან საქმეს არ დაურთო ის უტყუარი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ უკანონობასა და ნიკა გვარამიას ძალადობრივი ფორმებით დაკავების ფაქტს ასახავდა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ალიკო ელისაშვილს დასაჯა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერს გამოძიება ოფიციალურად "ქართული ოცნების" წევრზე, ვინმე ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავება, თუმცა ყველამ კარგად იცის ვისთვის მოქნეული მუშტისთვის ისჯება ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილზე, რომელსაც სამწლიანი პატიმრობა ემუქრება, გაცილებით მძიმე, ცხრა წლიანი სასჯელი ელის "ლელოს" რიგით წევრს, ცხინვალის თეატრის მსახიობს ვეფხია კასრაძეს, რომელსაც გამოძიება ძალადობის დაგეგმვას ედავება.
იმ დღეს ციხისთვის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის 19 და 20 წლის ბიჭები გაიმეტა. ხუთ მათგანს პროკურატურა პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ხოლო კიდევ ორ პიროვნებას, მათ შორის ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელ ზვიად ცეცხლაძეს დანაშაულის ორგანიზებას ედავება.
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მულის მეორე ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს გუშინ, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს. აგრეთვე ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, ჯანო ყარჩაიასა და გურამ მირცხულავას.
ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე 28 ადამიანია დაკავებული, ხოლო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის პასუხისგებაში 48 პირია მიცემული.