ოლიგარქის სასამართლომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დაზიანებისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
პროცესზე ოლიგარქის პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, ამის არგუმენტად კი პირის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა. დაცვის მხარემ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. გირაოს ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოს მიანდო, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ოლიგარქის სასამართლომ არ გაიზიარა.
„ჩვენი დაინტერესების საგანი იყო, სასამართლოს ემსჯელა შესაძლებლობაზე, გამოეყენებინა პატიმრობისგან განსხვავებული, ნაკლებად მძიმე აღკვეთი ღონისძიება, როგორიც გახლავთ გიარო. სასამართლოს განვუმარტეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა. ასევე არ არსებობდა ახალი დანაშაულის, მიმალვის, მტკიცებულებათა გადამალვის ან განადგურების საფრთხე. ეს დავასაბუთეთ კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით, კონკრეტული მტკიცებულებებით. ძალიან საშიში და საგანგაშო ტენდენცია აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას. ყოველგვარი განხილვისა და შინაარსში შესვლის გარეშე, თითქოსდა სადემონსტრაციოდ დასაჯოს ყველა, ვისაც აქციასთან შემხებლობა აქვს. ფაქტობრივად, სრულად არის უგულებელყოფილი ინდივიდუალური განხილვისა და მსჯელობის საგანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულ სახდელდაკისრებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ორი წლის, რომლის მხარდაჭერას და დახმარებას თავად უზრუნველყოფდა. მისი ოჯახის არცერთ სხვა პირს არანაირი სხვა შემოსავალი არ აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.
ოლიგარქის პოლიციამ ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.