
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღეს საომარი მოქმედებები დილიდან განახლდა. ოფიციალური ბაქოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მოწინააღმდეგის ობიექტებზე მიტანილი იერიშები და დაღუპული სომეხი ჯარისკაცებია ასახული. ანალოგიური ვიდეო, რომელშიც დაღუპული აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ჩანს, ერევანმაც გაავრცელა, თუმცა ამავე დროს დაადასტურა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 59 მებრძოლი დაკარგა. აზერბაიჯანს ინფორმაცია თავის დაღუპულ სამხედროთა შესახებ არ გაუვრცელებია.
დღეს დილით თურქეთმა, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს, სომხეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ოკუპაცია და მთიანი ყარაბახიდან ჯარები გაიყვანოს, ხოლო დაქირავებული მებრძოლები და ტერორისტები სახლში გაუშვას. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰულისი აქარმა ბაქოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამაც ოფიციალურ ერევანს იმის თქმის საბაბი მისცა, რომ თურქეთი ომში მონაწილეობას იღებს. ბაქო ამას კატეგორიულად უარყოფს.
სომხეთი კი მოხალისეებისა და რეზერვისტების მობილიზაციას აგრძელებს და ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველმა, ვაჰარშაკ არუთინიანმა განაცხადა.
შექმნილ სიტუაციას დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის გამოეხმაურნენ და ორივემ ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირეს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მხარეებს დაუყოპვნებლვ ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, სომხური მხარის ინიციატივით, გაიმართა სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის. რაც შეეხება თეთრი სახლის ლიდერს, მისი თქმით, ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის შესაჩერებლად.
საქართველოს მთავრობას ოფიციალური პოზიცია განახლებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ დაუფიქსირებია, თუმცა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მთიან ყარაბახს აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდება.
ოფიციალური ერევანი ამასობაში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს მას, რომ აზერბაიჯანი აიძულოს, შეწყვიტოს შეტევები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.