აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სიაში" შეყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მილერის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე
"აშშ დღეს სანქციებს აწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის სამართალდამცავი და უსაფრთხოების ჩინოვნიკებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით. მათ შორის ხმის მიცემის უფლება იძულების ან დაშინების გარეშე.
დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ პასუხისმგებლობის ხელშეწყობას, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს. სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანების 13818 შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის დამნაშავეებს მთელ მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სახაზინო პრესრელიზი. სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯები სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად გადაიდგა იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 212(a)(3)(C) ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად", - განაცხადა მილერმა.
გაცნობებთ, რომ აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში ვახტანგ გომელაური და გდდ-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე შეიყვანა.