"დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე," - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ტექნიკური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში, ჰენა ვირკკუნენმა განაცხადა და ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.
"დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე. ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელ მსოფლიოში. ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას," - განაცხადა ჰენა ვირკკუნენმა.