"ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს სანქციების გამო - "ოცნება" არ არის ტრამპის ან აშშ-ის მეგობარი" | Washington Examiner-ის ვრცელი სტატია საქართველოზე

გამოქვეყნდა:

გამოცემა Washington Examiner-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ნოემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დაშინებისა და ხელისუფლების აშკარა გაყალბებით იყო გაჯერებული, "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები.

"ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მკაფიო კონსტიტუციური მოთხოვნაა და ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მას. კანონიერი ვალდებულებების ამ ღალატის საპასუხოდ, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ხელისუფლების კონსტიტუციური ლოიალობის აღდგენის მოთხოვნით. "ქართულმა ოცნებამ" არანაირი სინანული არ გამოხატა. პირიქით, საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას მან უაზრო სისასტიკით მოახდინა რეაგირება. ასობით ადამიანი სასტიკად სცემეს და/ან დააკავეს კანონიერი საფუძვლის გარეშე. მედია ასევე გახდა ძალადობრივი სამთავრობო ბანდების მიზანმიმართული სამიზნე. აქ მთავარი ბოროტმოქმედი ბიძინა ივანიშვილია.

მიუხედავად იმისა, რომ ის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მხოლოდ ქაღალდზეა, ივანიშვილი ხელისუფლების მიღმა უმაღლესი ავტორიტეტია. მილიარდერმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა თავისი ფული რუსეთში პოსტსაბჭოთა ინდუსტრიის ძარცვით გამოიმუშავა. დღეს ის იყენებს თავის ძალაუფლებას უაზრო კორუფციისთვის, ანაწილებს სამთავრობო რესურსებსა და მომგებიან კონტრაქტებს, რათა მისი ოჯახის წევრებმა და მისდამი ლოიალურმა პირებმა სარგებელი ნახონ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ივანიშვილს დასჯას დაჰპირდა, მან ეს არ გააკეთა. ეს სისუსტე შეუმჩნეველი არ დარჩენილა ოლიგარქისა და მისი ნეპოტისტური ხელისუფლებისთვის. ისინი გრძნობენ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ, სერიოზული პასუხის მიღების გარეშე. ამას მივყავართ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. საკუთარ ხალხზე ძალადობის საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული ურთიერთობა "ოცნების" მთავრობასთან.

თუმცა, "ქართული ოცნება" ამპარტავნულად დებს ფსონს, რომ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ქურდობა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და კაცებზე თავდასხმები. "ქართულ ოცნებას" ასევე უნდა, რომ ტრამპმა უგულებელყოს პარტიის ვედრება რუსეთის მიმართ, პრემიერმინისტრის ყოფნა ჰამასის ლიდერის დაკრძალვაზე და ჩინეთის სტრატეგიული ინტერესების მხარდაჭერა.

"ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ ტრამპი იგივე მიდგომას გამოიყენებს, როგორც უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის მიმართ. კერძოდ, მიესალმება [ორბანის] რიტორიკულ შექებებს, უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უმაღლესი ინტერესების ღალატს.

ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი მის სატყუარას წამოეგება. ივანიშვილიც და "ქართული ოცნებაც" სწორედ იმას განასახიერებენ, რაც განსაზღვრავს ტრამპის პოლიტიკურ იდენტობას: კორუმპირებული ელიტა, რომელიც მოქმედებს უბრალო ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე. თავის მხრივ, ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს მისი ინტერესების წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის მეორადი სანქციების, წინაშე აღმოჩენის გამო. იგივეს შიში უნდა ჰქონდეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასაც. აქ საკვანძო მომენტი ის არის, რომ "ქართული ოცნება" არ არის ტრამპის ან ამერიკის მეგობარი", - წერია გამოცემის სტატიაში.

ზემოაღნიშნულის დასტურად სტატიის ავტორი მიხეილ ყაველაშვილის არალეგირიმურ პრეზიდენტად დანიშვნაზეც წერს და მის მიერ გაკეთებულ ანტიამერიკულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი